პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის საკრებულოს მიმართოს, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის ან მიმღებისთვის, სარგებლობის უფლებით ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის, გაუქმების ან ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.

ცვლილებებზე მეორე მოსმენით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

ცვლილებები ინიციატორმა, დეპუტატმა. კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერდა, რადგან მას კითხვები აქვს,  ცვლილებები რატომ ეხება მხოლოდ თბილისს და არა სხვა მუნიციპალიტეტებს.

„თბილისისთვის ცალკე მივიღოთ კანონები, ქუთაისისთვის ცალკე და ბათუმისთვის ცალკე? სრულიად საქართველოსთვის რომ ყოფილიყო, რა უჭირდა? ჩანს, რომ „კლანური მმართველობაა“, „თბილისის კლანი“ თავისთვის იკეთებს კანონებს, სხვას არაფერი? სამართლიანი იქნებოდა, ცვლილებები მთელს ტერიტორიას შეხებოდა“, -აღნიშნა კვიციანმა.

კვიციანის საპასუხოდ ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ცვლილებები თავდაპირველად თბილისთან მიმართებაში მომზადებულიყო, სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კი, კონსულტაციები გაიმართება.

„მათთვის ეს უფლება არავის შეუზღუდავს. კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვეცდებით, წარმოვადგინოთ, თუ ამის აუცილებლობას დავინახავთ“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტს უფლება ეძლევა, საგანგებო მდგომარეობის დროს  ან მისი გაუქმების შემდეგ გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილება.

ინიციატივის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტს ამ უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე და ამ პერიოდიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე ექნება. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ხდება, საგანგებო მდგომარეობის ან მისი გაუქმების შემდეგ, პრივატიზებულ ქონებაზე თბილისის საკრებულოსგან საინვესტიციო პირობების შეცვლა მოითხოვოს.