კობა ლურსმანაშვილი - ვერც გიგი უგულავას გაშლილი ხელები შემაშინებს და ვერც დავით ბაქრაძის „რეიტინგულობა“
კობა ლურსმანაშვილი - ვერც გიგი უგულავას გაშლილი ხელები შემაშინებს და ვერც დავით ბაქრაძის „რეიტინგულობა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ თუ რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა პარლამენტში და საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს, ამას წინ ვერავინ აღუდგება.

ამის შესახებ კობა ლურსმანაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„2020 წლის არჩევნების შედეგად მოსულ პარლამენტს ვალდებულება ექნება, განიხილოს შემდგომი საკანონმდებლო ინიციატივები. თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა ვინმე და შეეცდება შეცვალოს ეს წესი, ამას წინ როგორ აღვუდგები ან მე, ან ჩემი რომელიმე კოლეგა?! აქედან გამომდინარე, ხალხის ნება იქნება უზრუნველყოფილი. ვინც ვცდილობთ, რომ მაჟორიტარული სისტემით იყოს არჩევნები, შევეცდებით გავაგრძელოთ ეს გზა. 2020 წელს მივაღწევთ ამას, 2021-ში თუ 2024-ში, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის აზრი იყოს გამოხატული. პარტიის შიგნით ინიციატივები არ ისჯება. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხის აზრი შესწავლილი იყოს. ის მაჟორიტარებს არ გვიკრძალავს, რომ ჩვენი ინიციატივები გაგვაჩნდეს“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს, რომ არ უჭერს მხარს 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„მე არ ვუჭერ მხარს 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს უკვე გამოვხატე კენჭისყრაზე და ახლა გიგი უგულავას გაშლილი ხელები და მკაცრი ტონი შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა? არც ერთი მაშინებს და არც მეორე. მოვიდნენ და იყარონ კენჭი ჩემთან ერთად, თუნდაც ჩემს მაჟორიტარულ ოლქში“, – აღნიშნა ლურსმანაშვილმა.