პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს
პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ენძელა მაჭავარიანი პოლიციის სამმართველოში უკვე მივიდა.

„გამოკითხვაზე ვარ და რასაც შემეკითხებიან, შევეცდები, პასუხი გავცე. წინასწარ არ ვიცი, რა შეკითხვები ექნებათ. შევხედე, რომ შემოვიდნენ, მაგრამ როგორც სხვებს ახსოვთ დეტალურად, ასე არ მახსოვს. როგორც კი სუნი ვიგრძენი, გამოვედი. მაშინ სხვა რამეზე ვიყავი გადართული და არ მიფიქრია, რატომ შემოვიდნენ. ეს შეკითხვა მაშინ გამიჩნდა, როდესაც სხვებმა იკითხეს, რატომ შემოვიდნენო“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დეპუტატების გამოკითხვაზე დაბარება 12 დეკემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ენძელა მაჭავარიანსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ამ დროისთვის გამოკითხულია დეპუტატი სვეტლანა კუდბაც.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.