ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც, შესაძლოა, პარლამენტს სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული. ვიდეოკადრები ტელეკომპანია „მაესტრომ“ გადაიღო.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.

ამ დროისთვის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული.