კობა ლურსმანაშვილი - იმ 93 დეპუტატს შორის ვარ, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დააინიცირა, თუმცა მხარს არ ვუჭერ
კობა ლურსმანაშვილი - იმ 93 დეპუტატს შორის ვარ, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დააინიცირა, თუმცა მხარს არ ვუჭერ

დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ იმ 93 დეპუტატს შორისაა, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინა, თუმცა აღნიშნულ პროექტს მხარს არ უჭერს.

„იმ 93 დეპუტატს შორის ვარ, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიცირეთ, თუმცა აღნიშნულ პროექტს მხარს არ ვუჭერ, მაგრამ უმრავლესობის ფორმატში დანიშნულ სხდომაზე კონსულტაცია საბოლოო იქნება და ჩვენი პოზიციები ჩამოყალიბდება. გადაწყვეტილებას მივიღებთ ან ინდივიდუალურად, ან ფრაქციასთან ერთად“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით ჯანსაღი სისტემაა, მაგრამ მსჯელობის საგანია, როგორი უნდა იყოს რეგიონული წარმომადგენლობა.

„გადაწყვეტილებას გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებ“, – დასძინა კობა ლურსმანაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვა გაგრძელდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.