პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს 
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს 

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. ამის შესახებ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

დეპუტატებმა კენჭისყრის ხვალისთვის გადადებას მხარი დაუჭირეს.

მანამდე სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის, უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის, ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ რომან გოცირიძის, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილისა და ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის მონაწილეობით ხანმოკლე თათბირი გაიმართა.

ამასთან, დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დეპუტატების კითხვებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი, რომელსაც გუშინვე უყარეს კენჭი, პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

დატოვე კომენტარი