საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს
საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს, 19:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სხდომას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის.

ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო გააცნობს.

ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს აღნიშნულ ფორუმს ცნობადობის გაზრდისთვის, რელიგიური ტურიზმის განვითარებისთვის და რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების წარმოსაჩენად ქრისტიანულ სამყაროში.

„საქართველოს დელეგაციას გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ვიცით, რა არის დღევანდელი საქართველოს მთავარი პოლიტიკური გამოწვევა – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ვიცით, რა უნდა ვუთხრათ მართლმადიდებლურ სამყაროს გენერალურ ასამბლეაზე. მათ შორის, რუსეთიც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი. იმედი გვაქვს, რომ ძალიან ცხარე დისკუსია წარიმართება, როგორც ყველა სხვა ასამბლეაზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, გავაგებინებთ მართლმადიდებლურ სამყაროს, რა მოხდა 2008 წელს მეზობელი მართლმადიდებელი ქვეყნის მხრიდან, რა დანაშაული ჩაიდინეს 90-იან წლებში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ასამბლეის პარალელურად, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება გამოფენა „აღდგომა იესო ქრისტესი“. ასამბლეის მონაწილეთათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელით საზეიმო მიღება გაიმართება. ასამბლეის (IAO) სხდომები 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდება. ვიზიტის ფარგლებში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) დელეგაციის წევრები შეხვდებიან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის შექმნის მისია 1993 წელს საბერძნეთში, ქალაქ ქალკიდიკიში გამართული კონფერენციის – „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“ მონაწილეთა დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული. საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ, ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციით არის წარმოდგენილი. 2014 წელს საქართველო ორგანიზაციის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად, 2015 წელს კი საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტიდან 25 ქვეყანაა გაერთიანებული.