კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლოს თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა
კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლოს თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა

კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა სხდომაზე აღნიშნა, რომ მას და ადეიშვილს შორის გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა იყო და მისი აცილება როგორც თავად ბრალდებულს, ასევე ადვოკატს სურდა.

ბექა ბასილაიას განმარტებით, მას აღარ სურს, რომ ამ საქმეში ადეიშვილის პოზიციებს იცავდეს.

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ბრლდებულს სახაზინო ადვოკატი უნდა დაენიშნოს სავალდებულო წესით.

„ბუნებრივია მქონდა კომუნიკაცია ადეიშვილთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ პოზიციებზე არ გვქონდა შეჯერებული აზრი. ორივე მივედით იმ აზრამდე, რომ უნდა ჩამოვშორდე ამ საქმეს. მოხდა შეუთავსებლობა გარკვეულ პოზიციებზე. ეს მასაც სურდა და მეც. დავარქვათ ამას თვითაცილება. ეს არ ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, დასკვნით ეტაპზეა პროცესი ფაქტობრივად და მე თუ არ გავაგრძელებ მონაწილეობას, ეს არ გაჭიანურდება. მაქსიმუმ, ახალი ადვოკატის მიერ საქმის მასალების გაცნობისთვის საჭირო ვადით გაჭიანურდეს. გარკვეულ პოზიციებში უთანხმოება გვქონდა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრალდების ეპიზოდზე სასამართლო განხილვა უკვე სამი წელია მიმდინარეობს.

საქმეზე ბრალი ადეიშვილს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის აქვს წაყენებული.

კობა დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სცემეს და დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.