მსოფლიოს კინომოყვარულების ყურადღება ზაფხულის მიწურულს ვენეციაში გადაინაცვლებს. კუნძული ლიდო უძველეს საერთაშორისო კინოფესტივალს 29 აგვისტოდან უმასპინძლებს.
ვენეციის რიგით 75-ე კინოფესტივალი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, დემიენ შაზელის ფილმის, First Man, ჩვენებით გაიხსნება. ეს შაზელისთვის მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც მისი ნამუშევარი ვენეციის ფესტივალს გახსნის.
2016 წელს „ლა ლა ლენდის“ პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგა. ახალ ბიოგრაფიულ დრამაში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის, როლს ასრულებს. არმსტრონგი 1969 წელს კოსმოსურ მისია აპოლონ 11-ს ხელმძღვანელობდა. აპოლონ 11-მა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ივლისს დატოვა და ოთხ დღეში მთვარის ზედაპირზე დაეშვა, ეს იყო მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანმა დედამიწის გარდა, სხვა კოსმოსურ სხეულზე დადგა ფეხი. ნილ არმსტრონგი კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი და სწორედ მაშინ თქვა ცნობილი ფრაზა: “ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის”. ფილმში გოსლინგთან ერთად, კლერ ფოი თამაშობს.
წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში „ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად 21 ფილმი იბრძვის. მათ შორის საუკეთესოს კი სპეციალური ჟიური 8 სექტემბერს გამოავლენს.
მექსიკელი რეჟისორის ალფონსო კუარონის ახალი ფილმი, Roma კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. კუარონის თქმით, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს ეფუძნება და ასახავს 60-70-იანი წლების მეხიკოში მის ცხოვრებას. სურათის დისტრიბუტორი სტრიმინგ სერვისების წამყვანი კომპანია Netflix-ია.
საკონკურსო პროგრამაში მოხვდა პოლ გრინგრასის სურათი „22 ივლისი“, რომელიც ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობის შესახებ გვიამბობს.
„ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად ასევე იბრძოლებს „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი და ოსკარის ნომინანტი რეჟისორის ჯულიან შნაბელის ფილმი. რეჟისორი ვინსენ ვან გოგის შესახებ გადაღებულ ფილმზე რამდენიმე წელი მუშაობდა. სურათი ყველა იმ პირად, სოციალურ და შემოქმედებით საკითხზეა, რომელიც აღიარებულ ჰოლანდიელ მხატვარს ეხებოდა. გადაღებები საფრანგეთის ქალაქ არლში მიმდინარეობდა.
საკონკურსო პროგრამა მაყურებელს საშუალებას მისცემს, ნახოს ისეთი რეჟისორების ახალი ნამუშევრები, როგორებიც არიან: ძმები კოენები, ლუკა გუადანინო, იორგოს ლანთიმოსი, მაიკ ლი.
გილერმო დელ ტორო, რომელმაც შარშან ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” დაიმსახურა ფილმისთვის „წყლის ფორმა“, წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.
შედგება ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტის პრემიერაც. „ვარსკვლავის დაბადება“ 1937 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების სურათის რიმეიქია. სიუჟეტი დამწყები მუსიკოსის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მომღერლის კარიერის აწყობას ცდილობს, ვარსკვლავად ქცევაში კი კუპერის პერსონაჟი ეხმარება. სურათში მთავარ როლს ამერიკელი სუპერვარსკლავი ლედი გაგა თამაშობს.
ფესტივალზე მოეწყობა ტერენსმალიკის „სიცოცხლის ხის“ სპეციალური ჩვენება. სურათი მოგვითხრობს ოჯახზე, სადაც სამი ბიჭი იზრდება, მათ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი კარგად, თითქმის იდეალურადაა, მაგრამ გადის დრო და ისინი საკუთარ თავს პოულობენ და ბევრს ფიქრობენ იმაზე, როგორები სურთ, რომ იყვნენ, როგორები არიან და როგორები იქნებოდნენ, ყველაფერი რომ სხვაგვარად ყოფილიყო. აქ რეჟისორი ყველაზე დიდ აქცენტს მამაზე აკეთებს, რომელიც ოჯახში ყველაზე ზრუნავს და დედა, რომელიც შენდობის სიმბოლოა.
ფესტივალი ირლანდიელი რეჟისორის ნიკ ჰამის ჯონ დელორიენის ცხოვრებაზე შექმნილი ფილმით Driven დაიხურება. დელორიენი კომპანია General Motors-ში ინჟინრად მუშაობდა. მან მოგვიანებით DeLorean Motor Company დააარსა და სწრაფადვე მოიპოვა პოპულარობა. 8 სექტემბერს ლიდოში ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება. ფილმში მთავარ როლებს ლი პეისი და ჯეისონ სუდეიკისი ასრულებენ.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ფესტივალია. ის ყოველწლიურად რამდენიმე ათას ჟურნალისტს, კინოპროდიუსერს, მსახიობს, რეჟისორსა და კინომოყვარულს ერთი იდეის გარშემო აერთიანებს – კინო ახლა და აქ.