ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა [ფოტო]
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, ინფორმაციას variety ავრცელებს. უძველეს ფესტივალს კუნძული ლიდო მასპინძლობს.

რიგით 75-ე კინოფესტივალი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, დემიენ შაზელის ფილმის, First Man, ჩვენებით გაიხსნა. სურათის პრემიერას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი რაიან გოსლინგი. დემიენ შაზელისთვის კი მეორე შემთხვევაა, როდესაც მისი ნამუშევარი ვენეციის ფესტივალს ხნის. 2016 წელს „ლა ლა ლენდის“ პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგა.

ახალ ბიოგრაფიულ დრამაში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის, როლს ასრულებს. არმსტრონგი 1969 წელს კოსმოსურ მისია აპოლონ 11-ს ხელმძღვანელობდა. აპოლონ 11-მა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ივლისს დატოვა და ოთხ დღეში მთვარის ზედაპირზე დაეშვა, ეს იყო მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანმა დედამიწის გარდა, სხვა კოსმოსურ სხეულზე დადგა ფეხი. ნილ არმსტრონგი კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი და სწორედ მაშინ თქვა ცნობილი ფრაზა: “ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის” .

წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში „ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად 21 ფილმი იბრძვის. მათ შორის საუკეთესოს კი სპეციალური ჟიური 8 სექტემბერს გამოავლენს.

გილერმო დელ ტორო კი, რომელმაც შარშან ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” დაიმსახურა ფილმისთვის „წყლის ფორმა“, წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა.