დიმიტრი მამულიას ფილმ „ბოროტმოქმედის“ პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება
დიმიტრი მამულიას ფილმ „ბოროტმოქმედის“ პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება

ვენეციის კინოფესტივალის პროგრამის გასაჯაროების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი მამულიას ფილმის, „ბოროტმოქმედი“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„ბოროტმოქმედი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და იგი ვენეციაში წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამაში „ჰორიზონტები“.

„ბოროტმოქმედი“ საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ვენეციაში 1932 წლიდან იმართება. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.