ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. მთავარი პრიზი, ოქროს ლომი მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმმა Rome დაიმსახურა.

კუარონის თქმით, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს ეფუძნება და ასახავს 60-70-იანი წლების მეხიკოში მის ცხოვრებას. სურათის დისტრიბუტორი სტრიმინგ სერვისების წამყვანი კომპანია Netflix-ია. კინოსურათმა 21 საკონკურსო ფილმს შორის გაიმარჯვა.

ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის – ჟაკ ოდიარის სურათმა The Sisters Brothers მიიღო.

საუკეთესო სცენარი – ძმები კოენები, The Ballad of Buster Scruggs.

საუკეთესო მსახიობი ქალი – ოლივია კოლმანი გახდა ფილმში The Favourite შესრულებული როლით, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცი – უილიამ დეფო. დეფო მთავარ როლს ასრულებს ოქროს პალმის რტოს მფლობელი და ოსკარის ნომინანტი რეჟისორის, ჯულიან შნაბელის ფილმში At Eternity’s Gate. რეჟისორი ვინსენტ ვან გოგის შესახებ გადაღებულ ფილმზე რამდენიმე წელი მუშაობდა. სურათი ყველა იმ პირად, სოციალურ და შემოქმედებით საკითხზეა, რაც აღიარებულ ჰოლანდიელ მხატვარს ეხებოდა. გადაღებები საფრანგეთის ქალაქ არლში მიმდინარეობდა.

ჟიურის სპეციალური პრიზი ჯენიფერ კენტის ხვდა The Nightingale-ისთვის. გილერმო დელ ტორო, რომელმაც შარშან ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ დაიმსახურა ფილმისთვის „წყლის ფორმა“, წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ფესტივალია. ის ყოველწლიურად რამდენიმე ათას ჟურნალისტს, კინოპროდიუსერს, მსახიობს, რეჟისორსა და კინომოყვარულს ერთი იდეის გარშემო აერთიანებს – კინო აქ და ახლა.

კინოფორუმი 29 აგვისტოს ოსკარის მფლობელი რეჟისორის, დემიენ შაზელის ახალი დრამის First Man ჩვენებით გაიხსნა. ეს შაზელისთვის მეორე შემთხვევა იყო, როდესაც მისმა ნამუშევარმა ვენეციის ფესტივალი გახსნა. 2016 წელს „ლა ლა ლენდის“ პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგა. სურათი ლეგენდარულ ასტრონავტ ნილ არმსტრონგზე გვიამბობს. ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი და სწორედ მაშინ თქვა ცნობილი ფრაზა: „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის“. ბიოგრაფიულ დრამაში ნილ არმსტრონგის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი რაიან გოსლინგი ასრულებს.