ხშირი კოშმარული სიზმრები შეიძლება პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ხშირი კოშმარული სიზმრები შეიძლება პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე საშინელი სიზმრების განვითარება შეიძლება პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს; ამის შესახებ ხანდაზმულ მამაკაცებზე ჩატარებული ახალი კვლევა იუწყება.

უკვე დიდი ხანია, მტანჯველ სიზმრებს ნევროლოგიურ დაავადებებს უკავშირებენ, განსაკუთრებით კაცებში, მაგრამ ეს პირველი კვლევაა, რომელშიც შეისწავლეს, ეს სიმპტომები პარკინსონის გამაფრთხილებელი ნიშანია თუ მდგომარეობის ქვეპროდუქტი.

ნორმალურად ფუნქციონირებადი თავის ტვინის მქონე, 3818 ჯანმრთელი მამაკაცის 12 წლის განმავლობაში მეთვალყურეობის შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც უფრო ხშირად ხედავდა ღამის კოშმარებს, ორჯერ მაღალი ჰქონდა პარკინსონის განვითარების ალბათობა.

დიაგნოზთა უმეტესობა კვლევის პირველ ხუთ წელშივე დაისვა.

შედეგები მიუთითებს, რომ ხანდაზმულების პარკინსონზე შემოწმება შეიძლება მოხდეს მათთვის სიზმრების შინაარსის კითხვით. შემდეგ შეიძლება განხორციელდეს ადრეული ჩარევები შესაძლო ფიზიკური სიმპტომების შესაჩერებლად, მაგალითად, კანკალის, დაჭიმულობის და სინელის.

პარკინსონის დაავადების შემთხვევაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ადრეული დიაგნოზი. იმ დროისათვის, როდესაც პაციენტთა უმეტესობა დიაგნოზს იგებს, უკვე დაკარგული აქვთ დოპამინის გამომყოფი ნეირონების 60-80 პროცენტი თავის ტვინის ღეროში.

გარდა ამისა, ამავე მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც მტანჯველ სიზმრებს ხედავენ, ხუთჯერ უფრო მაღალი აქვთ დაავადების სწრაფი პროგრესიის ალბათობა.

„პარკინსონის დაავადების ადრეული დიაგნოზირება ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ ძალიან ცოტაა რისკებზე მიმანიშნებლები და მრავალი მათგანი საჭიროებს ძვირად ღირებულ ჰოსპიტალურ ტესტებს ან არის ძალიან ზოგადი, არასპეციფიკური, როგორიც ვთქვათ, დიაბეტის“, — განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის ნევროლოგი აბიდემი ოტაიკუ.

მისი განცხადებით, მართალია, ამ მიმართულებით დამატებითი კვლევებია საჭირო, მაგრამ ცუდი და კოშმარული სიზმრების მნიშვნელობის იდენტიფიცირება შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ხანდაზმულ ასაკში სიზმრები რაიმე აშკარა გამომწვევი მიზეზის გარეშე ეცვლებათ — სამედიცინო ჩარევას საჭიროებდნენ.

ძილსა და პარკინსონს შორის კავშირი ერთადერთი არ არის, რომელსაც მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია იკვლევენ.

პარკინსონის პაციენტთა დაახლოებით მეოთხედი დიაგნოზის შემდეგ ხშირ მტანჯველ სიზმრებზე მიუთითებს, ზოგიერთი მათგანი კი ცუდ სიზმრებს დიაგნოზის დასმამდე ათი წლით ადრეც ხედავს.

როგორც წინა კვლევები მიუთითებს, პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებს ოთხჯერ მაღალი აქვთ კოშმარული სიზმრების ხშირად ნახვის ალბათობა, ვიდრე საერთო მოსახლეობას.

პარკინსონის პაციენტებს ასევე მაღალი აქვთ სწრაფი ძილის ფაზის აშლილობების ალბათობა, რაც ღამით სიზმრების ფიზიკურად განმეორებას იწვევს.

თუმცა, ამ დრომდე აშკარა არ იყო, ეს სიმპტომები პარკინსონის ქვეპროდუქტია თუ პროდრომალური — ტერმინი, რომელსაც მეცნიერები იმ მცირე სიმპტომებისთვის იყენებენ, რომლებიც მთავარ სიმპტომებამდე ჩნდება.

ხანდაზმულ მამაკაცებზე ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში ჩატარებული ახალი კვლევა ამ განსხვავებათა გარკვევაში გვეხმარება.

ამ კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში ხშირ მტანჯველ სიზმრებზე იუწყებოდნენ, ორჯერ მაღალი ჰქონდათ პარკინსონის განვითარების ალბათობა.

გარდა ამისა, კვლევის პირველ ოთხ წელიწადში, ხშირი მტანჯველი სიზმრები დაკავშირებული იყო ნევროლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკის ექვსჯერ ზრდასთან.

ძილში თავის ტვინის აქტივობის გასაზომად დამატებითი კვლევების გარეშე ძნელია იმის თქმა, რა ხდება ბიოლოგიურ დონეზე პარკინსონის იმ პაციენტებში, რომლებიც კოშმარებს ხედავენ.

პარკინსონის მქონე კაცები მეტად მიდრეკილი არიან შემაწუხებელი სიზმრებისკენ, ვიდრე ქალები, მაგრამ უცნობია, რატომ.

ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, კოშმარული სიზმრების გვიან დაწყება ზოგიერთ მამაკაცში ნეიროდეგენერაციის ადრეული ნიშანია.

ღამის კოშმარების ალბათობა ქალებში გაცილებით მაღალია ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, მაგრამ 65 წელს ზემოთ მათ უკვე კაცები უსწრებენ.

მამაკაცების ტვინის დაბერებასთან ერთად, შეიძლება რაღაც იცვლება შუბლის ქერქში, რომელიც ძილში ემოციებს არეგულირებს.

ამ რაღაცის გარკვევას, მკვლევრები ახლა ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით გეგმავენ.

კვლევა EClinicalMedicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით