რატომ სჭირდება თქვენს სხეულს ცრემლების ღვრა მაშინაც კი, თუ სევდიანად არ ხართ — #1tvმეცნიერება
რატომ სჭირდება თქვენს სხეულს ცრემლების ღვრა მაშინაც კი, თუ სევდიანად არ ხართ — #1tvმეცნიერება

ხანგრძლივი კვირის შემდეგ თავს გამოფიტულად გრძნობთ და უცებ აღმოაჩენთ, რომ უბრალო რეკლამაზეც კი ტირით. შეიძლება ტირილის სურვილი იმანაც კი გაგიჩინოთ, რომ მაცივარში რძე ან საჭმელი აღარ დაგხვდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ გაციებაზე ან სხვა ავადმყოფობაზე.

ავადმყოფობის ან დაღლილობის გამო შეიძლება მართლა მოწყენილი იყოთ, მაგრამ რატომ ცრემლები?

ცრემლები მრავალ ფსიქოლოგიურ ფუნქციას ასრულებს. ისინი ჩვენი შიდა ემოციური მდგომარეობის ფიზიკური ინდიკატორია; მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ძლიერ მწუხარებას ან სიხარულს ვგრძნობთ.

ჩვენს თავის ტვინში, ძლიერი ემოციები ააქტიურებს ცენტრალურ ავტონომიურ ქსელს.

ეს ქსელი ორი ნაწილისგან შედგება: სიმპათიკური სისტემა (რომელიც საშიშროების აღქმისას ააქტიურებს ბრძოლის ან გაქცევის პასუხს) და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ორგანიზმს სიმშვიდის მდგომარეობას უბრუნებს.

ძლიერი ემოციები ამ სისტემის სიმპათიკურ ნაწილს ააქტიურებს, მაგრამ როცა ვტირით, აქტიურდება ჩვენი პარასიმპათიკური ნაწილი და თავს უკეთესად ვგრძნობთ.

რა ხდება სტრესის ან დაღლილობის დროს?

ემოციების კონტროლს პატარა ასაკიდან ვსწავლობთ, მათ გამოსახატად სოციალურად სანქცირებული დრო გვაქვს, თავს ვიკავებთ უარყოფითი ემოციების ფიზიკური გამოვლინებისგან.

მაგალითად, სევდიანი ფილმის ყურებისას ტირილი მისაღებია, მაგრამ ძირითადად მიუღებლად მიიჩნევა ტირილი სამსახურში.

პრეფრონტალური ქერქი, ანუ თავის ტვინის ნაწილი, რომელიც ფიქრზეა პასუხისმგებელი, ეპასუხება ცენტრალური ავტონომიური ქსელის მიერ გამოყოფილ ემოციურ სიგნალებს, რითაც ემოციური პასუხების რეგულირებაში გვეხმარება ემოციების საკონტროლებლად. პრეფრონტალური ქერქი თქვენი კომპიუტერის მთავარ პროცესორს ჰგავს, რომელიც დავალებებს მართავს სისტემის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

სამწუხაროდ, რაც უფრო დასტრესილი და დაღლილი ვართ, ანდაც დიდი ხნის განმავლობაში განვიცდით ფიზიკურ ან ემოციურ ტკივილს, ამ დროს აქტიური რჩება სიმპათიკური სისტემა.

პრეფრონტალური ქერქი გადატვირთული ხდება, იმ კომპიუტერის მსგავსად, რომელზეც ერთდროულად ბევრი პროგრამაა გაშვებული.

ამ დროს, ტვინს სულ უფრო ნაკლებად შეუძლია ემოციების კონტროლი პროგნოზირებადი გზით, რაც იწვევს ხილულ ემოციურ პასუხებს, მაგალითად, ცრემლებს ან გაბრაზებულ გამოხტომებს.

შეიძლება იქამდე ვერც კი მივხვდეთ, რამდენად გადატვირთულები ვართ, ვიდრე ერთი შეხედვით მცირე ინციდენტის ან გამოცდილების შემდეგ სახეზე ცრემლები არ ჩამოგვიგორდება.

ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად ტირის, ვიდრე სხვები. ქალები უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ უცნობია, ეს ბიოლოგიური ასპექტებით არის გამოწვეული თუ საზოგადოებრივი მოლოდინებით.

უფრო ხშირად ტირიან ადამიანები, რომლებსაც მაღალი მაჩვენებელი აქვთ ემპათიის ან ნეიროტიზმის პერსონალურ თვისებებში.

გადაჭარბებული ტირილი ასევე შეიძლება იყოს დეპრესიის ფიზიკური გამოხატულება, რადგან ტვინი ემოციური ტკივილით არის გადატვირთული.

რა დანიშნულება აქვს ცრემლებს?

ფსიქოლოგიური მიზეზების გარდა, ცრემლები რამდენიმე სოციალურ როლსაც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება შეიძლება ემოციების ძლიერ გამოხატვას არ ეთანხმებოდეს, ცრემლები რეალურად ეხმარება სოციალური კავშირების შექმნას და შენარჩუნებას.

ცრემლები დახმარების მოწოდებასავით მოქმედებს, რითაც სხვები ხედავენ, რომ კარგად არ ვართ და მხარდაჭერა გვჭირდება.

ხშირად ცრემლები სხვებში სიმპათიის განცდას აღძრავს და მათთან კონტაქტში გვეხმარება.

ცრემლები შეიძლება მაშინაც წამოგვივიდეს, როდესაც სხვა პიროვნებისადმი ღრმა სიმპათიას ვგრძნობთ, მასთან ერთად ვიტიროთ, რაც სოციალურ კავშირებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზების გარდა, არსებობს ცრემლების ფიზიკური მიზეზებიც.

მაგალითად, როდესაც დაღლილი ვართ, ბევრს ვწვალობთ, რათა თვალები გახელილი გვქონდეს, რაც თვალებს აშრობს. სიმშრალესთან საბრძოლველად, ჩვენი სხეული ცრემლებს გამოიმუშავებს და თვალებს ატენიანებს, რათა კარგად ვხედავდეთ.

წყლიანი თვალები ასევე დამახასიათებელია ისეთი რესპირატორული ავადმყოფობებისას, როგორებიც არის გაციება, გრიპი და კორონავირუსი.

როდესაც სხეულში ინფექცია გვაქვს, მასთან საბრძოლველად მობილიზებულია სისხლის თეთრი უჯრედები. ჭარბი რაოდენობის სისხლის თეთრ უჯრედებს შეუძლიათ თვალის სისხლძარღვების ანთება გამოიწვიონ, რაც თვალის სადინარებს კეტავს და იწვევს ცრემლებს.

ცრემლები ადამიანის ფუნქციონირების ბუნებრივი ნაწილია. განსაკუთრებით გასული რამდენიმე წლის სტრესის შემდეგ. ზოგჯერ, გადაჭარბებული ემოციებისგან გასათავისუფლებლად, კარგ ტირილზე უკეთესი არაფერია.

თუმცა, თუ აღმოაჩენთ, რომ გადაჭარბებულად ტირით, შეიძლება ექიმთან კონსულტაციაც დაგჭირდეთ, რათა დადგინდეს ამის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მიზეზები.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.