ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიხეილ კალანდიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მოსამართლემ უცვლელი დატოვა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომლითაც კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არის არც დანაშაულის იარაღი და არც პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც კალანდიას ბრალეულობას დაადასტურებდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და იმის საფუძველი, რომლითაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო ბრალდების მიმართ. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.
სასამართლოს მომდევნო სხდომა 24 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.
არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიმდინარე წლის 6 ივნისს შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.