სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესი ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში იმართება. სხდომათა დარბაზში მხოლოდ კოლეგია და მხარეები იმყოფებიან. თავად მსჯავრდებული კი, პროცესზე ვიდეოჩართვის მეშვეობით იღებს მონაწილეობას.

დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენება სურს, მათ შორისაა საქმისათვის ახალი მტკიცებულებების დართვა. ადვოკატი ათი მოწმის დაკითხვას ითხოვს, რომელთა დაკითხვა პირველ ინსტანციაში და გამოძიების დროს არ მომხდარა. გარდა ამისა, ადვოკატი ითხოვს, ხელახლა დაიკითხოს ის 100-ზე მეტი მოწმე, რომლებსაც ერთხელ უკვე საქალაქო სასამართლომ მოუსმინა. როგორც წესი საქმის მეორე ინსტანციაში განხილვის დროს, პირველ ინსტანციაში უკვე დაკითხულ მოწმეებს ხელახლა არ უსმენენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მიხეილ კალანდიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა 25 თებერვალს მიუსაჯა.