მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.  მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. მოსამართლემ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ – გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გახსნა.

პროკურატურამ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. 5 ივნისს კი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.