სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა პირველი ივნისისთვის გადაიდო
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა პირველი ივნისისთვის გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ​ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა გადაიდო. პროცესი დღეს ონლაინ უნდა გამართულიყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით, სხდომა პირველ ივნისს, 14:00 საათზე ჩატარდება.

„გადაიდო პროცესი. დააკმაყოფილეს ჩემი შუამდგომლობა და პირველ ივნისს გადაიდო 14:00 საათზე. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მე ვერ შევძლებ ტექნიკურად ონლაინ რეჟიმში მივაწოდო სასამართლოს უშუალოდ ის მტკიცებულებები, რაც მაქვს ხელთ. 31 დისკი არის, როგორ მოვახდინო მისი დემონსტრირება, ძალიან რთული საქმეა და ონლაინ რეჟიმში ამის ჩატარება რთულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, ადვოკატის თქმით, პროცესზე დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობას დააყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას  11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.