უკვე ოთხი წელია, სამეცნიერო კოსმოსური ხომალდი ჯუნო იუპიტერის გარშემო მოძრაობს და აქტიურად აკვირდება მას და მის მთვარეებს, მაგრამ მას ჩვენთვის სიურპრიზები კიდევ აქვს. პირველად ისტორიაში, ჯუნომ გადაიღო მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ობიექტის, იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსი.
იქ ციდან მუდმივად წვიმს იუპიტერის მაგნიტოსფეროდან წამოსული პლაზმა, რომელმაც დრამატულად შეცვალა ამ მთვარის ყინულოვანი ზედაპირი, რაც კარგად ჩანს ახალ ფოტოებზე.
განიმედე ფრიად საოცარი ობიექტია. ის მზის სისტემაში უდიდესი და ყველაზე მასიური მთვარეა. მისი დიამეტრი 5268 კილომეტრია და ზომით აღემატება ჯუჯა პლანეტების მთლიან კატეგორიას, უფრო მეტიც — არის პლანეტა მერკურიზე დიდი, მაგრამ არა მასიური, რადგან მერკური უფრო მკვრივია.
შედგება წყლის ყინულისა და სილიკატური ქანებისგან, გაყინული გარსის ქვეშ თხევადი ოკეანეა, რომელიც გარს აკრავს თხევადი რკინის ბირთვს. ამ ბირთვის წყალობით, განიმედე კიდევ ერთი რამით არის გამორჩეული — ის ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც საკუთარი მაგნიტოსფერო აქვს; ის ბირთვში მიმდინარე კონვექციის შედეგად გამომუშავდება.
იმის გამო, რომ განიმედე იუპიტერს გარს უვლის პლანეტის მაგნიტურ ველს შიგნით, მასშია ჩაჭედილი თავად მთვარის მაგნიტოსფეროც. ეს კი წარმოქმნის შთამბეჭდავად ძლიერ პლაზმის ტალღებს, რადგან პლაზმის ნაწილაკები, ძირითადად ელექტრონები, ჩქარდება კომპლექსური მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ.
მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ ასეთ აჩქარებას აქვს კიდევ ერთი ეფექტი — პოლარული ციალი. აქ, დედამიწაზე, ასეთი ნაწილაკები პოლარული რეგიონებისკენ გადამისამართდება, სადაც ისინი ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებულ ატომებთან ურთიერთქმედებს და წარმოქმნის შთამბეჭდავ ნათებას.
თუმცა, განიმედეს უმნიშვნელო ატმოსფერო აქვს და შესაბამისად, პლაზმის დიდი ნაწილი პირდაპირ მის ზედაპირზე ცვივა. ახლად გამოქვეყნებულ ინფრაწითელ ფოტოებზე, რომლებიც ჯუნოს ინსტრუმენტმა JIRAM-მა გადაიღო, პლაზმის მუდმივი წვიმის ეფექტები ნათლად ჩანს.
„JIRAM-ის მონაცემები აჩვენებს, რომ განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო არსებული ყინული შეცვლილია პლაზმის წვიმის მიერ. ეს გახლავთ ფენომენი, რომელსაც ჯუნოს წყალობით პირველად ვსწავლობთ და ამავე დროს პირველად ვხედავთ განიმედეს მთლიან ჩრდილოეთ პოლუსსაც“, — ამბობს ჯუნოს მისიის ერთ-ერთი მკვლევარი, იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ცენტრის პლანეტური მეცნიერი ალესანდრო მურა.
განიმედეს პოლუსებთან არსებულ ყინულს მთვარის ეკვატორული ნაწილის ყინულისგან განსხვავებული ინფრაწითელი ხელწერა აქვს. ანალიზებით დადგინდა, რომ ამის მიზეზია პლაზმის მუდმივი წვიმა, რომელიც ყინულის კრისტალების სტრუქტურას მთლიანად ცვლის.
დედამიწაზე, ისევე როგორც გამიმედეს ზედაპირის უმეტეს ნაწილზე, ყინულის მოლეკულები ჩამწკრივებულია ძალიან მოწესრიგებულად, ექვსკუთხედის ფორმით. თუმცა, გარკვეულ გარემოში, ასეთი სუფთა სტრუქტურა იცვლება და უწესრიგო ხდება. ამ უწესრიგო ფორმას ამორფულ ყინულს უწოდებენ; მართალია, დედამიწაზე ის იშვიათია, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია კოსმოსში, ვარსკვლავთშორუსი ღრუბლების მტვრის მარცვლებში, კომეტებზე და ყინულოვან სხეულებზე.
იუპიტერის სამი მთვარე — ევროპა, კალისტო და განიმედე ყინულოვანია. საინტერესოა, რომ მათ ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული ყინულის პროფილი აქვთ. კალისტოს ყინული კრისტალურია. ევროპასი ამორფული. განიმედესი კი უცნაური ნაზავი.
როგორც წინა კვლევამ დაადგინა, ამის მიზეზი გარკვეულწილად შეიძლება იყოს იუპიტერთან სიახლოვე; ევროპა დედაპლანეტასთან ყველაზე ახლოსაა და შესაბამისად, განიცდის რადიაციის უდიდეს დონეს იუპიტერის მაგნიტოსფეროს მიერ გამომუშავებული რადიაციული სარტყლებისგან. კალისტო იუპიტერისგან ყველაზე შორსაა და შესაბამისად, მცირე რადიაციასაც იღებს.
განიმედე მათ შორის არის მოქცეული და როგორც მეცნიერები წარსულშიც ვარაუდობდნენ, მისი მაგნიტური ველი რადიაციას პოლუსებისაკენ უნდა მიმართავდეს, რასაც შედეგად მოსდევს ამ ადგილებში ამორფული ყინულის დიდი კონცენტრაცია.
ეს ვარაუდი ახლა უკვე დაადასტურა ჯუნოს მონაცემებმა. მკვლევართა ჯგუფს მიაჩნია, რომ პოლარული რეგიონების გამუდმებული ბომბარდირება დამუხტული ნაწილაკებით, ხელს უშლის ყინულის კრისტალური სტრუქტურის წარმოქმნას.
ამ მომაჯადოებელი ფენომენის შესახებ მეტ ცნობას სამომავლო დაკვირვებები მოგვაწვდის. ჯუნოს მისია ძირითადად იუპიტერზე დაკვირვებას ეძღვნება, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს უფრო კონკრეტულ მისიებზეც. ევროპის კოსმოსური სააგენტო 2022 წელს იუპიტერის მთვარეების შესასწავლად ხომალდ JUICE-ს გაგზავნას გეგმავს; ორბიტერი შეისწავლის განიმედეს, ევროპასა და კალისტოს.
მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.