იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსის მონსტრი ქარიშხლები - „ჯუნოს“ ახალი ვიდეო
იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსის მონსტრი ქარიშხლები - „ჯუნოს“ ახალი ვიდეო

იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსზე მორიგი გადაფრენისას, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ ამ რეგიონში მგრგვინავ უზარმაზარ ციკლონებს ახალი 3D ვიდეო გადაუღო.

80-წამიანი ვიდეო ჯუნოს სამეცნიერო ჯგუფმა ხომალდის მიერ გადაღებული ინფრაწითელი ფოტოების გამოყენებით შექმნა. ჯუნო იუპიტერის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და პოლუსების თავზე ასე ახლოს ყოველ 53,5 დღეში ერთხელ გადაიფრენს.

„ჯუნომდე, ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცოდით იუპიტერის პოლისების მახასიათებლები, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ხომალდის ახლო გადაფრენათა წყალობით, ხელთ გვაქვს პოლუსების უპრეცედენტოდ მაღალი რეზოლუციის ფოტომასალა“, — აღნიშნავს მკვლევარი ალბერტო ადრიანი.


იუპიტერის პოლარული ციკლონები მართლაც უზარმაზარია. NASA-ს განცხადებით, ჩრდილოეთ პოლუსის ცენტრალურ ქარიშხალს გარშემორტყმული რვა ციკლონის დიამეტრი 4000-4600 კილომეტრია.

ახალ ვიდეოში შტორმი ლავას წააგავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე არაა. ასახულია მგრგვინავი აირები და არა გამდნარი ქანები. გარდა ამისა, ეს აირები წარმოუდგენლად ცივია. ვიდეოში ასახულ მახასიათებელთაგან, ყველაზე თბილის (ღრმად, ყვითლად) ტემპერატურა -13 გრადუსი ცელსიუსია. მუქი რეგიონები კიდევ უფრო ცივია. ყველაზე ცივი რეგიონის ტემპერატურა -83 გრადუსი ცელსიუსია.

1,1$ მილიარდად ღირებული ჯუნოს მისია 2011 წლის აგვისტოში გაუშვეს. იუპიტერის ორბიტაზე ხომალდი 2016 წლის 4 ივლისს გავიდა. ზონდი აქტიურად სწავლობს გაზის გიგანტი პლანეტის სტრუქტურას, შემადგენლობას, მაგნიტურ და გრავიტაციულ ველებს. მის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მეცნიერები სწავლობენ იუპიტერის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით