ხომალდ „ჯუნოს“ მიერ იუპიტერისთვის გადაღებულ ახალ ფოტოზე ერთი საოცარი დეტალი იმალება — #1tvმეცნიერება
NASA-ს ზონდი „ჯუნო“ მზის სისტემის პლანეტათა მეფეს, იუპიტერს სწავლობს.
თუმცა, დედამიწაზე 318-ჯერ დიდი იუპიტერი მარტო არ არის, მას ბევრი პატარა „მეგობარი“ ჰყავს.
გაზის გიგანტ პლანეტას ჩვენთვის ცნობილი 79 ბუნებრივი თანამგზავრი (მთვარე) აქვს, რომელთაგან ერთი პლანეტა მერკურიზე დიდია. ჯუნო სწავლობს ურთიერთობას ზოგიერთ ამ მთვარესა და დედაპლანეტას შორის და ზოგჯერ, იუპიტერისთვის გადაღებულ ფოტოებზე ეს მთვარეებიც ჩანან.
ახალი ფოტო იმდენად საოცარია, რომ თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ნამუშევარს ჰგავს. იუპიტერი ტრადიციულად, ზოლებით არის წარმოჩენილი, კონკრეტულად კი მზით განათებული სამხრეთი ნახევარსფერო.
გიგანტური პლანეტის მარჯვნივ მოჩანს წყვდიადში ჩაძირული ორი პატარა ლაქა. ისინი იუპიტერის ორი, ე. წ. გალილეოსებული მთვარეებია, რომლებიც გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა.
ამ კატეგორიაში იუპიტერის ოთხი ბუნებრივი თანამგზავრი შედის, ფოტოზე კი მათგან ორი ყველაზე პატარა ჩანს: იო, რომლის ეკვატორული დიამეტრიც 3643,2 კილომეტრია; და ევროპა, რომლის დიამეტრიც 3121,6 კილომეტრია.
თითოეული ეს მთვარე იდეალური სამიზნეა კვლევებისთვის. იო მზის სისტემაში ვულკანურად ყველაზე აქტიური სხეულია, მის ზედაპირზე 400-ზე მეტი აქტიური ვულკანია. ამის მიზეზი ის შიდა გრავიტაციული დაძაბულობაა, რომელსაც იო არა მხოლოდ იუპიტერისგან განიცდის, არამედ სხვა გალილეოსეული მთვარეებისგანაც.
ვულკანური აქტივობის გამო, იოს ატმოსფერო მდიდარია გოგირდის დიოქსიდით, რომელსაც ვულკანები აფრქვევენ. ატმოსფერო მუდმივად ჟონავს და თავად იუპიტერის გარშემო წარმოქმნის პლაზმის ტორუსს, რომელიც მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ, დაბლა, იუპიტერის პოლუსებისკენ მიემართება და მუდმივ ციალს იწვევს.
გოგირდის მუდმივი ამოფრქვევა თავად იოსაც ფარავს გოგირდის სხვადასხვა ნაერთებით, რის გამოც ის გამორჩეულად ყვითელია.
რაც შეეხება მეორე მთვარეს, ევროპას, ის არამიწიერი სიცოცხლის ძებნის სამიზნეა. მისი ყინულოვანი ქერქის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე იმალება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთვარე მზისგან შორსაა, გრავიტაციული დაჭიმულობის გამო ის შეიძლება შინაგანად ცხელი იყოს.
თუ ასეა, მისი გლობალური ოკეანის ფსკერზე შეიძლება ჰიდროთერმული ღრმულებიც იყოს. აქ, დედამიწაზე, ასეთი ღრმულები ნამდვილი სამოთხეა კვების ქსელებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია არა ფოტოსინთეზზე, არამედ ქემოსინთეზზე: კვებისათვის იყენებენ ქიმიურ რეაქციებს.
ამის გამო, ასტრობიოლოგები ფიქრობენ, რომ მზის სისტემის ყინულოვანი მთვარეები, მათ შორის იუპიტერის ევროპა და სატურნის მთვარე ენცელადი, შეიძლება ის ადგილები იყოს, სადაც არამიწიერი სიცოცხლე ვიპოვოთ.
ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულ ამ ორ მთვარეს ჯუნო მომავალში საკმაოდ ახლოს გადაუფრენს.
2024 წელს ევროპაზე NASA მისიას გაუშვებს, ამავე წლის სექტემბერში კი მას ჯუნო გადაუფრენს. ეს იქნება ბოლო ამ მთვარესთან ყველაზე ახლო გადაფრენა, რაც კი რომელიმე ხომალდს გაუკეთებია. რაც შეეხება იოს, ჯუნო მას 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში გადაუფრენს.
სრული რეზოლუციით ფოტო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ NASA-ს ვებგვერდიდან.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.