ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის უცნაური ელვის 39-წლიანი საიდუმლო ამოხსნა
ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის უცნაური ელვის 39-წლიანი საიდუმლო ამოხსნა

იუპიტერზე შემჩნეული ელვა ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული. თუმცა, ხომალდ „ჯუნოს“ ბოლოდროინდელი ძალისხმევის შედეგად ირკვევა, რომ ის იმაზე უფრო მეტად ჰგავს დედამიწაზე არსებულ ჭექა-ქუხილს, ვიდრე წარმოვიდგენდით. მაგრამ მაინც რჩება გარკვეული უცნაურობები.

ყველასათვის საყვარელი „ჯუნოს“ მიერ გამოგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ წინა კვლევისგან განსხვავებით, გაზის გიგანტი პლანეტის ელვა მეგაჰერც სიხშირეებში ხდება, თანაც გაცილებით ხშირად. თუმცა, მოვლენა ლოკალიზებულია პლანეტის პოლუსებთან.

აღმოჩენების შესახებ ორი სხვადასხვა კვლევა იუწყება.

იუპიტერის ბობოქარი ატმოსფერო გადაჭედილია შტორმებით, სწორედ იქ შეიმჩნევა ელვაც. ასეთი მოსაზრება ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, რაც საბოლოოდ დაადასტურეს სხვადასხვა ხომალდებმა — ვოიაჯერ 1-მა, ვოიაჯერ 2-მა, გალილეომ და კასინიმ.

ვოიაჯერმა დააფიქსირა დაბალი სიხშირის რადიოსიგნალები.

მაგრამ აშკარა ხდებოდა, რომ იუპიტერის ელვა დედამიწისასთან შედარებით, გარკვეულწილად უცნაური იყო.

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლანეტაზე ხართ, ელვის წყაროები რადიოგადამცემებივით მოქმედებს — ცაში ანთებისას, რადიოტალღებს გამოყოფენ“, — ამბობს ჯუნოს მისიის მეცნიერი შენონ ბრაუნი.

მისი თქმით, ჯუნომდე, ყველა სხვა ხომალდის მიერ ჩაწერილი ელვის სიგნალები შეზღუდული იყო როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ისე რადიოსპექტრის კილოჰერც დიაპაზონში. მათ ასახსნელად გაჩნდა მრავალი თეორია, მაგრამ ხელჩასაჭიდი პასუხი მაინც ვერც ერთმა მათგანმა გასცა.

მაგრამ ამჯერად, პირველად ისტორიაში, ჯუნოს ახალი და ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტების საშუალებით, ბრაუნის ჯგუფმა მეგაჰერცის სიხშირეში დააფიქსირა ელვიდან წამოსული ატმოსფერული რადიოსიგნალები, ე. წ. ატმოსფერიკები.

პირველი რვა გადაფრენისას, ჯუნომ ელვის 377 განმუხტვა დააფიქსირა.

მკვლევართა თქმით, ისინი ჩაწერილია როგორც მეგაჰერც, ისე გიგაჰერც დიაპაზონში, როგორც ელვა დედამიწაზე.

„ვფიქრობთ, ჩვენ ისინი იმიტომ დავინახეთ, რომ ჯუნომ ელვებს გაცილებით ახლოს გადაუფრინა, ვიდრე ადრე. ჩვენ კი ვეძებთ რადიოსიხშირეებს, რომლებიც ადვილად ვრცელდება იუპიტერის იონსფეროში“, — ამბობს ბრაუნი.

მაგრამ ჯგუფმა დედამიწისგან რაღაც განსხვავებულიც შენიშნა — ელვის აქტივობები იუპიტერზე კონცენტრირებულია პოლუსებთან. არ შეიმჩნევა ეკვატორზე. დედამიწაზე ეს პროცესი პირიქითაა და ამის მიზეზი ტემპერატურაა.

დედამიწაზე, მზის რადიაცია ყველაზე მეტ სითბოს წარმოქმნის ეკვატორთან.

გაზის გიგანტ იუპიტერზე, მზიდან ხუთჯერ უფრო შორს, ჩვენი ვარსკვლავის რადიაცია უფრო მოკრძალებულია და სითბოს უდიდეს ნაწილით იქაც ეკვატორს უზრუნველყოფს, მაგრამ აქვს განსხვავებული ეფექტი. ის ასტაბილურებს პლანეტის ზედა ატმოსფეროს და სითბოს ნაკადებს ხელს უშლის დაბლიდან მაღლა ასვლაში.

პოლუსებზე ასეთი მასტაბილიზებელი რადიაცია არ არსებობს და შესაბამისად, პლანეტის შიდა ნაწილის თბილი აირები ადვილად ადის ზედა ატმოსფეროში. მეცნიერებს სჯერათ, რომ სწორედ ეს განაპირობებს ატმოსფერულ კონვექციას, რომელიც თავის მხრივ, საზარელ ელვას წარმოშობს.

აღსანიშნავია, რომ ელვა უფრო დამახასიათებელი ჩანს პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის. მიზეზის ახსნას მკვლევრები დღემდე ცდილობენ.

იუპიტერის ელვა კიევ ერთი რაღაცით ჰგავს დედამიწისას. ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლვრებმა ჯუნოს მონაცემებში 1600 სიგნალი დააფიქსირეს. უნდა აღინიშნოს, რომ ვოიაჯერ 1-ის მონაცემებში ასეთი მხოლოდ 167 სიგნალი ფიქსირდებოდა. მაქსიმალური მაჩვენებელი წამში ოთხ გაელვებას აღწევდა, ზუსტად დედამიწის ჭექა-ქუხილების მსგავსად. ვოიაჯერის მონაცემებში მაქსიმუმი წამში ერთი ელვა იყო.

მეცნიერთა თქმით, ეს ორი კვლევა ერთად, წარმოადგენს იუპიტერის ელვის ყოველმხრივ და დეტალურ აღწერას ამ დრომდე. შედეგად, დღის სინათლეზე გამოდის იუპიტერის გაუმჭვირვალე, შტორმული ღრუბლების სქელ ფენებს ქვეშ საგულდაგულოდ დამალული კომპლექსური დინამიკა.

კვლევები ჟურნალ Nature-სა და Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით