იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალს მიაგნეს.

განიმედე მთელ მზის სისტემაში უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრია; გახვეულია ყინულის გარსში. მეცნიერთა აზრით, განიმედეს ზედაპირქვეშ 161 კმ სიღრმის თხევადი წყლის ოკეანეა, სადაც შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოც იყოს.

NASA-ს განცხადებით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების შესწავლისას, მკვლევრებმა განიმედეს თხელ ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობის მტკიცებულებას მიაგნეს.

სავარაუდოდ, ეს ორთქლი ზედაპირქვეშა ოკეანიდან არ მოდის და წარმოიქმნება განიმედეს ზედაპირზე არსებული ყინულის აორთქლებით.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის ორთქლის არსებობა ბევრს არაფერს ამბობს ამ მთვარის სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის პოტენციალის შესახებ, გარკვეულ ცნობებს გვაწვდის განიმედეს ატმოსფეროს შესახებ; აქამდე მეცნიერებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იქ ჟანგბადიც არის.

„აქამდე განიმედეს ატმოსფეროში მხოლოდ მოლეკულური ჟანგბადი გვქონდა დაფიქსირებული, რაც იქ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დამუხტული ნაწილაკები ყინულოვან ზედაპირზე ეროდირდება“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ლორენც როთი.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი