კელი დეგნანი - საქართველოს პარლამენტი ჩვენგან შექებას იმსახურებს, რადგან პრიორიტეტს ანიჭებდა სასამართლოს მიმართულებას
კელი დეგნანი - საქართველოს პარლამენტი ჩვენგან შექებას იმსახურებს, რადგან პრიორიტეტს ანიჭებდა სასამართლოს მიმართულებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

დეგნანმა დადებითად შეაფასა კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილის ასახვა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი შექებას იმსახურებს, რადგან პრიორიტეტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს ანიჭებდა.

ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტს კვლავ ამ მიმართულებას მიანიჭებს და კანონმდებლობაში საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს სრულად ასახავს.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სისტემის გასაუმჯობესებლად და პარლამენტი ჩვენგან შექებას იმსახურებს, რადგან მუშაობდა და პრიორიტეტს ანიჭებდა სასამართლოს მიმართულებას. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, აქ არის საკითხები, რომელიც შეეხება მოსამართლეთა არჩევის პროცესს, ასევე დაემატა წერილობითი დასაბუთების აუცილებლობა და გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ხმის მიცემის პროცესი. ეს ის ძირითადი მიმართულებები და რეკომენდაციებია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ საკითხებზე მოხდა რეაგირება და ისინი აისახა კანონმდებლობაში.

ასევე იყო სხვა რეკომენდაციები ვენეციის კომისიის, აშშ-ის და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ ჩვენ იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი პარლამენტი კვლავ სასამართლო საკითხებს მიანიჭებს პრიორიტეტს და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც უკვე ცნობილია. ძირითადი მიზანი ამ რეფორმისა გახლავთ ის, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ორგანო იმიტომ, რომ სასამართლო არის დემოკრატიის ქვაკუთხედი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გდაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.