პაატა კვიჟინაძე - კომპანია როდესაც დაფუძნებულია ოფშორში და მოინდომებს, საქართველოში გადმოვიდეს, ზოგადად კი არ თავისუფლდება გადასახადისგან, არ გადაიხდის მხოლოდ გადმოტანის მომენტში
პაატა კვიჟინაძე - კომპანია როდესაც დაფუძნებულია ოფშორში და მოინდომებს, საქართველოში გადმოვიდეს, ზოგადად კი არ თავისუფლდება გადასახადისგან, არ გადაიხდის მხოლოდ გადმოტანის მომენტში

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე (ოფშორულ) ქვეყნებში რეგისტრირებული საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ასეულობით კომპანიაა, რომელიც ოფშორიდან ოპერირებს და ეს კომპანიები თუ გადმოვლენ საქართველოში, ამაში ცუდი არაფერია.

„ოფშორული კომპანია არ ნიშნავს უკანონობას, ოფშორული კომპანიების უმეტესობა არის დასავლური ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ რადგან იქ გამკაცრებულია მონიტორინგი და გადასახადები, ბევრს უნდა, რომ დაუბრუნდეს სხვა ქვეყანას და ტაციაობაა, ვინ წაიღებს ამ კაპიტალს. აქ საუბარია, როდესაც კომპანია დაფუძნებული არის ოფშორში და ის მოინდომებს, რომ საქართველოში გადმოვიდეს, ერთჯერადად, გადმოტანის მომენტში არ გადაიხადოს გადასახადი, ზოგადად კი არ თავისუფლდება. ჩვენზე ათჯერ მეტს შეღავათს აძლევენ სხვა ქვეყნები, ოღონდ ვინმე ჩავიდეს, ის ხომ სამუშაო ადგილებს შექმნის, შემოსავალს მოიტანს. რაც შეეხება იმას, რომ ბატონ ბიძინას დაუკავშირეს, თუნდაც ბატონი ბიძინა იყოს, მერე რა? მაგრამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა, რომ ასეულობით კომპანიაა, რომელიც ოფშორიდან ოპერირებს და თუ ეს კომპანიები გადმოვლენ საქართველოში, რა არის ამაში ცუდი? ბატონ ბიძინას რაც სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათია. არ არის დასანქცირებელი, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ და დასანქცირდეს, საქართველო უშველის? ამერიკა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული პიროვნება დასანქცირდეს, არცერთი ბანკი არ გაიკარებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, თუ სანქციები დაწესდა, რაც წარმოუდგენელია, ეს შეეხება ოფშორსაც და საქართველოსაც“, – განაცხადა კვიჟინაძემ.