მამუკა მდინარაძე - ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, დონორებისგან იყო პირობა დაფინანსების გამჭვირვალობაზე, თუმცა პირობა არ შესრულდა და მდგომარეობა გაუარესდა
მამუკა მდინარაძე - ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, დონორებისგან იყო პირობა დაფინანსების გამჭვირვალობაზე, თუმცა პირობა არ შესრულდა და მდგომარეობა გაუარესდა

გუშინაც კი გავიმეორე სიტყვები, რაც შარშან ვთქვი, რომ ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ კანონს არ დავაბრუნებდით. დონორების მხრიდან შეხვედრების დროს იყო პირობა, რომ ფინანსები, დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე, ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში.

„მაგალითად, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი, ეს ხომ ტყულია, რამდენად გააშავა ფული. მან თქვა, რომ, დიახ, გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი. უკვე აღარც ერიდებოდნენ. ადრე თუ კეთილშობილურ მიზნებს ასახელებდნენ, ახლა თავხედურად აცხადებენ, რომ დაუმტკიცდებათ მილიონები მიზნობრიობის გარეშე. აქედან გამომდინარე, როცა მეორე მხრიდან პირობა არათუ არ შესრულდა, გაუარესდა გამჭვირვალობის მდგომარეობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები. შარშან იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც დავაზღვევთ მაქსიმალურად, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც. ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით,  რადგან ერთი წლის განმავლობაში არაერთი ადამიანი მინახავს, რომ იყო უდიდეს შეცდომაში შეყვანილი. აღშფოთდნენ, თითქოს ეს კანონი იყო რუსული“, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.