კახა კალაძე - კელი დეგნანის განცხადებები აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას
კახა კალაძე - კელი დეგნანის განცხადებები აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას

გვახსოვს კელი დეგნანის განცხადებები, რომლებიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ კანონპროექტის შემობრუნების მიზანია, არჩევნებზე საერთაშორისო მისიები არ დაუშვას.

„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომლებიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომლებიც ყველაფერს არის აცდენილი.

რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.