კელი დეგნანი - ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზია, მმართველმა ძალამ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
კელი დეგნანი - ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზია, მმართველმა ძალამ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას

ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზია, მმართველმა ძალამ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას, – ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართული დისკუსიის დროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის თქმით, მმართველ ძალას სურს, არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებით.

„ქართველები ახლა კიდევ ერთხელ დგანან ქუჩაში, იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ძალით გააქვს რუსული სტილის კანონი დასამტკიცებლად. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და არ გამიკვირდება, რომ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. ვფიქრობ, ამ კანონის შემობრუნების მიზეზია, მმართველმა ძალამ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ, არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა, უბრალოდ, არ მაქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის სამოქალაქო საზოგადოება ახლა ბევრად უკეთაა ორგანიზებული, ვიდრე გასულ წელს იყო.

„ძალიან ვღელავ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში და იმ ფაქტზე, რომ მომდევნო პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და ამით მმართველი პარტია შეძლებს, კონტროლი ჰქონდეს ხელისუფლების ყველა შტოზე, ეს კი დემოკრატია არ იქნება.  ვფიქრობ, კიდევ იქნება კრიზისი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამჯერად, ამ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უკეთაა ორგანიზებული, ვიდრე გასულ წელს. ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკვირდება, თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ეტაპობრივად შეეცდება, ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ. იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ, რომ „საკმარისია“, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ვხედავ ამ მხრივ გლობალურ ტრენდს. საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს კვოს შენარჩუნებას თავის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.