კელი დეგნანი - ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს
კელი დეგნანი - ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს

ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს მოუხდენია ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. მისი თქმით, ერთადერთი დისკუსია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონიათ, ეხებოდა იმას, უკრაინისთვის რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული.

„საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დახმარების ნაწილში. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, ახლა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალური ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი არ იცავენ სანქციებს.

არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება საქართველოს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ 100-პროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ, ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას, არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი და აღჭურვილობა, იციან, რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ, საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.