სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ ამზადებს სანქციებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღისა და ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებით

00:26, 03.05.2024

ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს კოორდინირებულ სანქციებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღისა და ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, აშშ მუშაობს ავსტრალიასთან, ევროკავშირთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან, კორეის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოსთან, რათა გამოაცხადონ ახალი კოორდინირებული სანქციები.

მანამდე რუსეთში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დასავლეთის განცხადებები არაზუსტია და აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მათი ურთიერთობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ ემუქრება რეგიონის უსაფრთხოებას.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად აგზავნის რაფინირებულ ნავთობს ჩრდილოეთ კორეაში იმ რაოდენობით, რომელიც, სავარაუდოდ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ ლიმიტს არღვევს.

მსგავსი