ბელგიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები გამოდიან ინიციატივით, ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის გამო, ცალკე სასანქციო რეჟიმი დაწესდეს
ბელგიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები გამოდიან ინიციატივით, ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის გამო, ცალკე სასანქციო რეჟიმი დაწესდეს

ბელგიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები გამოდიან ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდეს ცალკე სასანქციო რეჟიმი ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებში მისი ჩარევის გამო.

შესაბამისი წერილით ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ ევროპულ საბჭოს, ევროკომისიას და ევროპარლამენტს მიმართეს.

„ახლა შესაბამისი დროა, დავაწესოთ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ახალი რეჟიმი, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის მავნებლური საქმიანობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია წერილში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, „აშკარაა, რომ რუსეთის რეჟიმი ცდილობს, გავლენა მოახდინოს მოახლოებულ ევროპულ არჩევნებზე და გააძლიეროს პრორუსული ნარატივი ევროპარლამენტში“.

წერილში ნათქვამია, რომ ბელგიის დაზვერვამ თავის ქვეყანაში პრორუსული ჯაშუშური ქსელი აღმოაჩინა.

„ამ ქსელის საქმიანობა მიმართულია ევროპარლამენტში პრორუსულ პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, ევროპარლამენტში უფრო მეტი პრორუსული კანდიდატის არჩევის ხელშეწყობაზე, ასევე ამ ქსელში მოქმედი პირების ახლად არჩეული დეპუტატების თანამშრომლებად დანიშვნაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პრემიერ-მინისტრები ითხოვენ შესწავლას, აქვს თუ რა ევროკავშირის პროკურატურის ოფისს და თაღლითობის წინააღმდეგ მომუშავე ოფისს საკმარისი უფლებამოსილება რუსული ჩარევის გამოსაძიებლად. თუ არა, ბრიუსელი და პრაღა აღნიშნული უწყებების მანდატების გაფართოებას ითხოვენ.

„ევროპელი ამომრჩეველი მარტივად არ ტყუვდება დეზინფორმაციით, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამის დასაფინანსებლად რუსეთიდან ევროპაში ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობა და ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ, ვინც მიმღებ მხარეს დგას“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, დე კროომ.