კანადის თავზე აფეთქებული მეტეორი სრულიად მოულოდნელი წარმომავლობის აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
კანადის თავზე აფეთქებული მეტეორი სრულიად მოულოდნელი წარმომავლობის აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება

დედამიწა კოსმოსიდან გამუდმებით „იბომბება“. ყოველდღიურად, ჩვენს ატმოსფეროში ცვივა მტვერი, კენჭები და ქვის ნატეხები, რომლებიც ზოგჯერ ცაში თვალწარმტაცად იწვის.

ბოლიდები, იგივე ცეცხლოვანი ბურთები, ძირითადად ასტეროიდის ან კომეტის მოზრდილი ნაჭრებია, რომლებიც თავიანთ მშობელ სხეულს მოსწყდნენ და შემდეგ დედამიწის გრავიტაციამ ჩაიჭირა.

თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შარშან კანადის თავზე აფეთქებული ერთ-ერთი ასეთი ცეცხლოვანი ბურთი ჩვეულებრივი ტიპის მეტეორი არ არის. ცაში მის ტრაექტორიაზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფი მზის სისტემაში მის მიერ გამოვლილ მარშრუტს მიჰყვა და დაადგინა, რომ მისი საწყისი წერტილი ოორტის ღრუბელია — ყინულოვან ობიექტთა ვრცელი სფერო, რომელიც პლუტონის ორბიტიდან ძალიან შორს მდებარეობს.

ოორტის ღრუბლიდან მასალების „გამოგდება“ და შიგნით, მზისკენ წამოსვლა უჩვეულო არ არის. თუმცა, კანადის თავზე ასეთი ნატეხი იმგვარად დაიწვა და აფეთქდა, რომ ის ქვისგან უნდა ყოფილიყო შედგენილი და არ იყო გაყინული ამიაკის, მეთანის ან წყლის გაყინული ნაჭერი, როგორც ამას ოორტის ღრუბლის ობიექტის შემთხვევაში უნდა ველოდეთ.

მეტეორი

მისი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ჩვენს წარმოდგენას ოორტის ღრუბლის შესახებ, შეიძლება მცირე შესწორება სჭირდებოდეს.

„ეს აღმოჩენა მხარს უჭერს მზის სისტემის წარმოქმნის სრულიად სხვანაირ მოდელს, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ოორტის ღრუბელში კლდოვანი მასალების მნიშვნელოვანი ოდენობა ყინულოვან ობიექტებთან ერთად თანაარსებობს . კვლევის შედეგი არ აიხსნება მზის სისტემის ამჟამად გაბატონებული მოდელებით. ეს სრულიად ცვლის თამაშის წესებს“, — ამბობს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი დენის ვიდა.

ოორტის ღრუბლიდან მოსული „ვიზიტორები“, რომელთა იდენტიფიცირებაც ამ დრომდე შევძელით, უკიდურესად ყინულოვანია. ზოგჯერ მათ გრძელპერიოდიან კომეტებს უწოდებენ, რადგან ისინი მზის გარშემო შემოვლას ასობით წელიწადს ან ათობით მილიონ წელიწადს ანდომებენ; მათი ორბიტები უკიდურესად გაწელილია (ელიფსური).

ოორტის ღრუბელში ისინი მზისგან ყველაზე შორს 2000-დან 100 000-მდე ასტრონომიულ ერთეულამდე გადიან (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის) და ასე გაწელილ ორბიტაზე ხან შიგნითაც შემოდიან.

ვინაიდან ასე გრძელპერიოდიანი საკმაოდ ბევრი კომეტაა აღმოჩენილი, მეცნიერებს საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვთ მათი საერთო მახასიათებლებისა და ორბიტების შესახებ.

2021 წლის 22 თებერვალს, კანადაში, ქალაქ ედმონტონიდან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით, ცაში ცეცხლოვანმა ბურთმა გაიქროლა. მოვლენა მრავალმა ინსტრუმენტმა დაიჭირა და ჩაიწერა, მათ შორის თანამგზავრებმა და ცეცხლოვანი ბურთების ორმა გლობალურმა ობსერვატორიამ.

2,4 წამის განმავლობაში, ეს კამერები მეტეორის მიერ გავლილ 148,5 კილომეტრიან გზას დააკვირდნენ, რამაც მეცნიერებს დეტალური მონაცემები მისცა ობიექტის ტრაექტორიისა და დაშლის შესახებ. მიჩნეულია, რომ ცეცხლოვანი ბურთები მაშინ ცხელდება და ფეთქდება, როდესაც ამ ქვების ნაპრალებში ატმოსფერული გაზები შედის, შიგნიდან აწვება და აფეთქებას იწვევს.

ვიდამ და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ობიექტის სიგანე 10 სანტიმეტრი იყო და დაახლოებით 2 კილოგრამს იწონიდა. ის ატმოსფეროში უფრო ღრმად შემოვიდა, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი რომელიმე სხვა ყინულოვანი ობიექტი. უფრო მეტიც, მისი დაწვა და დაშლა ზუსტად ქვის ცეცხლოვანი ბურთისას შეესაბამებოდა.

თუმცა, როდესაც მკვლევრებმა მონაცემები მისი შემომავალი ტრაექტორიის გამოსათვლელად გამოიყენეს, შედეგები შეესაბამებოდა არა ჩვეულებრივ, ადგილობრივ მეტეორს, არამედ გრძელპერიოდიანი კომეტის ორბიტას.

„ცეცხლოვან ბურთებზე 70-წლიანი რეგულარული დაკვირვებების პერიოდში, ეს კონკრეტული ყველზე გამორჩეულია ოდესმე აღრიცხულთა შორის“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ასტრონომი ადრიენ დევილპუა.

ამ ერთი ობიექტის წყალობით, მეცნიერებმა ასევე შეძლეს მეტეორიტებზე დაკვირვებისა და აღდგენის პროექტის მონაცემთა ბაზაში და გამოქვეყნებულ ლიტერატურაში ისეთი მეტეორების მოძებნა, რომლებიც შეიძლება ასევე ოორტის ღრუბლიდან ყოფილიყო მოსული; შედეგად, ორი სხვა მეტეორი გამოავლინეს: ერთი მათგანი 1997 წელს ჩეხეთში ჩამოვარდა და მას კარლშტეინის ცეცხლოვან ბურთს უწოდებენ — ის ჰალეის კომეტის მსგავს ორბიტაზე იყო. მეორეა 1979 წელს აფეთქებული მეტეორი MORP 441, რომელსაც ასევე კომეტის მსგავსი ტრაექტორია აქვს.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ იშვიათად, კლდოვანი მეტეორები დედამიწამდე შეიძლება საკმაოდ შორიდან, ოორტის ღრუბლიდან აღწევდნენ; მიჩნეულია, რომ ოორტის ღრუბელში თავს იყრის მზის სისტემის წარმოქმნის შემდეგ დარჩენილი პირველყოფილი მასალები. მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევაა, რატომ და როგორ დარჩა ეს ობიექტები კლდოვანი შემადგენლობის და როგორ მოხვდნენ შემდეგ აქ.

„გვსურს ავხსნათ, როგორ მოხვდა ეს კლდოვანი მასალები ასე შორს, რადგან საკუთარი წარმოშობის გარკვევა გვსურს. რაც უფრო უკეთესად გვეცოდინება, თუ როგორ გარემო პირობებში ჩამოყალიბდა მზის სისტემა, მით უკეთესად გავიგებთ, თუ რა იყო საჭირო სიცოცხლის აღმოცენებისთვის“, — ამბობს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი დენის ვიდა.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.