ოორტის ღრუბელი #კოსმოსი

მზის სისტემა იმაზე დიდია, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს. ოორტის ღრუბელი არის კომეტებისა და სხვა ობიექტებისგან შემდგარი უზარმაზარი რეგიონი. ეს ზონა პლუტონის ორბიტისა და კოიპერის სარტყლის გადაღმა იწყება. ასტრონომთა აზრით, ოორტის ღრუბლიდან იღებენ სათავეს მზის სისტემის გრძელპერიოდიანი კომეტები.

ოორტის ღრუბელი მზისგან დაახლოებით 50 000 ასტრონომიულ ერთეულზე, ანუ თითქმის ერთი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ღრუბელი მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრამდე მანძილის დაახლოებით მეოთხედამდე ვრცელდება.

ოორტის ღრუბლის გარე ზღვარზე გადის მზის სისტემის საზღვარი და სწორედ იქ სრულდება მზის გრავიტაციული გავლენაც.

ამ ღრუბლის შესახებ იდეა 1950 წელს წამოაყენა ნიდერლანდელმა ასტრონომმა იან ჰენდრიკ ოორტმა. შესაბამისად, სახელიც მის პატივსაცემად ეწოდა.

მიჩნეულია, რომ ოორტის ღრუბელში ტრილიონობით კომეტაა მიმოფანტული ერთმანეთისგან ათობით მილიონი კილომეტრის მანძილის დაშორებით. შედგება შიდა და გარე ნაწილებისგან. გარე ნაწილი მზესთან სუსტად არის მიბმული. სწორედ იქიდან უნდა მოდიოდნენ გრძელპერიოდიანი კომეტები.

ოორტის ღრუბელში არსებული ობიექტები ძირითადად ყინულისგან შედგება. მკვლევართა აზრით, ეს ღრუბელი მზის წარმოქმნის შემდეგ დარჩენილი და მის გარშემო მოძრავი გაზის დისკოსგან წარმოიქმნა.