ცოტა ხნის წინ, აშშ-ის მთავრობამ გაურკვეველ ანომალიურ ფენომენთა (UAP) ამსახველი მრავალი ფაილი გამოაქვეყნა.
ავსტრალიაში, აშშ-ში და ზოგადად, ყველგან ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების დაახლოებით მესამედს სჯერა, რომ უცხოპლანეტელები აქ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ რაც სამყაროს შესახებ ვიცით, მიუთითებს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება არსებობდნენ, არის სამი დამაჯერებელი მიზეზი, რის გამოც ისინი შეიძლება არ გვსტუმრობდნენ.
კოსმოსი დიდია, ძალიან დიდი
კოსმოსი იმდენად დიდია, რომ ჩვენი წარმოსახვის ფარგლებსაც სცდება.
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი — პროქსიმა კენტავრი ჩვენგან დაახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრის მანძილზეა, 268 000-ჯერ უფრო შორს, ვიდრე მზე დედამიწიდან. ასტრონომიული საზომით ეს 4,3 სინათლის წელია.
სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომელსაც წამში 300 000 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სინათლე ერთ წელიწადში გაივლის.
ამჟამინდელი ტექნოლოგიებით, კოსმოსში მხოლოდ სინათლის სიჩქარის მცირე ნაწილით შეგვიძლია გადაადგილება. ჩვენი ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდი, პარკერის მზის ზონდიც კი, მაქსიმუმ 191 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, რაც სინათლის სიჩქარის 0,064 პროცენტია.
ამ სიჩქარით, პროქსიმა კენტავრამდე მისაღწევად მას 6650 წელი დასჭირდებოდა და წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ ჩვენი კოსმოსური სამეზობლოა. შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლეში კოსმოსური მოგზაურობა გაცილებით დიდ სიჩქარეებს მოითხოვს.
მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ სინათლის სიჩქარით მოგზაურობა შეგვიძლია. აქ უკვე ჩნდება ასეთი სიჩქარით მოძრაობასთან დაკავშირებული პირველი პრობლემა.
ალბერტ აინშტაინმა აჩვენა, რომ დრო ფარდობითია; დროის მსვლელობის მაჩვენებელი სამყაროში ყველგან ერთნაირი არ არის. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ხომალდი დედამიწიდან, მისი მგზავრებისთვის დრო უფრო ნელა გავა. ამას დროის გაჭიმვა ეწოდება.
მაგალითად, როცა NASA-ს ასტრონავტი სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული ერთი წლის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა, ის მილიწამებით უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე მისი იდენტური ტყუპისცალი, რადგან მოძრავი ობიექტებისთვის დრო უფრო ნელა გადის, საერთაშორისო კოსმოსური სადგური კი 28 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
ეს განსხვავება კელის ტყუპებისთვის უმნიშვნელო იყო. მაგრამ ჩვენს ცაში მოსული ნებისმიერი უცხოპლანეტელისთვის, ის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ გავითვალისწინებთ მისი შორეული ვარსკვლავური სისტემიდან დედამიწამდე მოსვლისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო უზარმაზარ სიჩქარეს.
სამშობლოში დაბრუნებისას, საკუთარი პლანეტა მათ გაცილებით ხნიერი დახვდებათ, ვიდრე დატოვეს — ალბათ საუკუნით უფრო მეტი ხნის. ისინი დროში გადასახლებულები იქნებიან.
წარმოუდგენლად მაღალი ენერგომოხმარება
ამ ყველაფრის გარდა, ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ენერგიას საჭიროებს.
სიჩქარესთან ერთად, იზრდება კოსმოსური ხომალდის მასა, შესაბამისად, მის ასაჩქარებლად საჭიროა სულ უფრო მზარდი ოდენობის ენერგია.
სინათლის სიჩქარეზე, ხომალდი უსასრულოდ მასიური გახდება და უსასრულო ოდენობის ენერგიას მოითხოვს. ეს აშკარად შეუძლებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ კოსმოსი ვაკუუმია — მაგრამ არა სრულიად.
საკმარისი ოდენობის ნაწილაკებია სანერვიულოდ.
მათ შეიძლება გამოიწვიონ პოტენციურად ფატალური რადიაცია მგზავრებისთვის და მაღალსიჩქარიანი ხომალდის ინსტრუმენტებისთვის, ანდაც შეიძლება ხომალდი საერთოდაც გაანადგუროს. სინათლის სიჩქარით მოძრაობისას, მეჩხრად გავრცელებული წყალბადის ატომები ძლიერ რადიაციად გარდაიქმნება, წარმოქმნილი სითბო დააზიანებს და საბოლოოდ გაანადგურებს კორპუსს.
ფიზიკოს მიგელ ალკუბიერეს თანახმად, სინათლეზე სწრაფად მოგზაურობა შესაძლებელია, მაგრამ თან ახალავს საკუთარი პრობლემები და ამჟამად შეუძლებელია ამისათვის საჭირო ენერგიის დაკმაყოფილება.
შედეგად, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დახარჯონ ამდენი ენერგია დედამიწაზე მოსასვლელად? ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, მისი შექმნა მოწინავე ცივილიზაციას საკუთარ პლანეტაზეც შეეძლება.
უნიკალური ბიოსფერო
კიდევ ერთი პრობლემაა ჩვენი ბიოსფერო, რომელიც რამდენადაც მეცნიერებმა იციან, უნიკალურია დედამიწისთვის.
სიცოცხლე და პლანეტა თანაარსებობენ. კომპლექსური სიცოცხლე ვერ იარსებებდა, თუკი ციანობაქტერია — ერთუჯრედიანი მიკრობის ტიპი, 2,4 მილიარდი წლის წინ ჟანგბადით არ შეავსებდა დედამიწის ძირითადად აზოტისგან შემდგარ ატმოსფეროს.
ჟანგბადი ჩვენთვის ტოქსიკური არ არის, მაგრამ ის რეაქტიულია და არამიწიერი არსებებისთვის შეიძლება ძლიერ კოროზიული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება დამცავი სკაფანდრები ეცვათ, როგორც ადამიანები იცვამენ არასტუმართმოყვარე გარემოში სტუმრობისას, გადმოცემები უცხოპლანეტელთა ვიზიტების შესახებ, არსად ახსენებს რაიმე სახის სკაფანდრების ტარებას.
მაშ, არსებობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები?
თუ უცხოპლანეტელები აქ არ არიან, არსებობენ თუ არა საერთოდ?
საინტერესო კითხვაა, როგორც მეცნიერული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით. მეცნიერებს საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, მაგრამ აქტიურად მუშაობენ.
ამ დროისათვის, 4700 ვარსკვლავურ სისტემაში აღმოჩენილია დაახლოებით 6200 ეგზოპლანეტა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ჰგავს დედამიწას ან მზის სისტემას.
ვარსკვლავთა უმეტესობას სულ მცირე ერთი პლანეტა აქვს და მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში სადღაც 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. შესაბამისად, პლანეტების რაოდენობა ასტრონომიულია; ზოგიერთი მათგანი შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც იყოს.
უფრო ახლოს, მზის სისტემაშიც შეიძლება არსებობდეს პოტენციალი მიკრობული სიცოცხლისთვის, ახლა თუ წარსულში — თუნდაც მარსი, ევროპა (იუპიტერის მთვარე), ენცელადი და ტიტანი (სატურნის მთვარეები).
თუკი აღმოვაჩენთ, რომ მზის სისტემაში სიცოცხლე ორჯერ აღმოცენდა, ეს ნამდვილად გაზრდის სიცოცხლის არსებობის შანსებს მთელ სამყაროში.
1960-იანი წლებიდან მიმდინარეობს გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ყველგან, ძირითადად რადიოასტრონომიის გამოყენებით. არამიწიერი სიცოცხლის ძებნის უდიდეს პროექტს ახორციელებს კალიფორნიის SETI ინსტიტუტი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტი Breakthrough Listen-ი.
ყოველი მცდელობა უშედეგოა. გონიერი არამიწიერი სიცოცხლის პოვნა ჩვენს სიცოცხლეში, ანუ მაქსიმუმ ას წელიწადში — სამყაროს 13,8-მილიარდწლიან ისტორიაში წარმოუდგენლად რთულია.
თუმცა, როგორც ჟურნალ Nature-ში 1959 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კვლევაშია ნათქვამი, წარმატების შანსის შეფასება რთულია, მაგრამ თუ არ მოვძებნით, შანსი ნულზე დაეცემა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.





