ოდესმე გქონიათ განცდა, რომ კოღოები მხოლოდ თქვენ გკბენენ და გარშემო სხვას ყველას გვერდს უვლიან?
მეცნიერებმა გაშიფრეს ის კომპლექსური ქიმიური კოქტეილი, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს უფრო მიმზიდველს ხდის დაავადებების გამავრცელებელი ამ სისხლისმსმელებისთვის.
„ეს სულაც არაა მცდარი წარმოდგენა — ზოგიერთი ადამიანი კოღოებს სხვებზე მეტად იზიდავს“, — ამბობს საფრანგეთის კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი ფრედერიკ სიმარდი.
კოღოებისთვის ერთი ადამიანის სხვებზე მეტად მიმზიდველობა შეიძლება განაპირობოს სენსორული სიგნალების ფართო სპექტრმა — ძირითადად ჩვენი სხეულის მიერ გამოყოფილმა სუნმა და სითბომ, ასევე ამოსუნთქულმა ნახშირორჟანგმა.
მდედრი კოღოები (მხოლოდ მდედრები იკბინებიან) ამ სიგნალებს დახვეწილი რეცეპტორებით აფიქსირებენ, შემდეგ კი ამის მიხედვით ირჩევენ სამიზნეს.
„ას წელიწადზე მეტია ვიცით, რომ კოღოებს ჩვენ მიერ ამოსუნთქული ნახშირორჟანგი იზიდავს — ეს პირველი სიგნალია, რომელიც მათ ქცევას აღძრავს, როდესაც ისინი ჩვენგან ათეულობით მეტრით შორს არიან“, — ამბობს შვედი მეცნიერი რიკარდ იგნელი.
ახალი კვლევის ავტორის განცხადებით, ათი მეტრის რადიუსში, კოღოები ჩვენი სუნის დაფიქსირებას იწყებენ და ნახშირორჟანგთან კომბინაციაში, ეს მათ კიდევ უფრო მეტად იზიდავს.
მოახლოებისას, სხეულის ტემპერატურა და ტენიანობა კონკრეტულ ადამიანებს მათთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
სისხლის ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს
ამ თემაზე ზოგიერთი პოპულარული თეორია დასაბუთებული არ არის.
სიმარდის განცხადებით, მოსაზრებას, რომ კოღოები უპირატესობას ანიჭებენ სისხლის კონკრეტულ ჯგუფებს, სამეცნიერო საფუძველი არ აქვს.
„ამ საკითხზე რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, მაგრამ მათში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობდა. ეს არც კანის, თვალის ან თმის ფერთანაა კავშირში“, — ამბობს იგი.
მეორე მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სუნს.
„ჩვენი მიკრობიოტის მიერ წარმოქმნილი მოლეკულების სოუსი გაცილებით მიმზიდველია კოღოებისთვის“, — ამბობს სიმარდი.
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი 300-დან 1000-მდე სხვადასხვა სურნელოვან ნაერთს გამოყოფს, მაგრამ მეცნიერები ჯერ მხოლოდ ახლა იწყებენ იმის დადგენას, კონკრეტულად რომელი სუნები იზიდავთ კოღოებს.
იგნელმა და მისმა კოლეგებმა ახალ კვლევაში შეისწავლეს კოღო Aedes aegypti, რომლებიც ავრცელებენ ყვითელ ცხელებას და დენგეს; ლაბორატორიულ კვლევაში 42 ქალი მონაწილეობდა და მკვლევრებს აინტერესებდათ, რომელ მათგანს მიანიჭებდნენ კოღოები უპირატესობას.
„ვაჩვენეთ, რომ კოღოები ჩვენთან მოსასვლელად სურნელოვანი ნაერთების ნაზავს იყენებენ. 1000 შესაძლო ასეთი ნაერთიდან გამოვავლინეთ 27 ისეთი, რომლებსაც კოღოები აფიქსირებენ“, — ამბობს იგნელი.
ქალები, რომლებსაც კოღოები ყველაზე მეტად ჰკბენდნენ, გამოყოფდნენ დიდი ოდენობით კონკრეტულ ნაერთს, რომელიც წარმოიქმნება კანის ცხიმის დაშლის შედეგად. მონაწილე ქალებს შორის იყვნენ ფეხმძიმეები მეორე ტრიმესტრში.
ამ ნაერთის, სახელად 1-octen-3-ol-ის (იგივე „სოკოს ალკოჰოლი“) მცირე ოდენობით ზრდაც კი სხვაობას იწვევდა.
„კოღოები საოცარი არსებები არიან“, — ამბობს იგნელი.
ლუდი კოღოებისთვის უფრო მიმზიდველს გხდით
ლუდის სმა ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა კოღოების მოზიდვასთან, რადგან როგორც კვლევები მიუთითებს, ის ზრდის სხეულის ტემპერატურას, ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობას და ცვლის კანის სუნს.
ბურკინა-ფასოში ჩატარებული სტანდარტიზებული კვლევის ფარგლებში, რამდენიმე მამაცმა მოხალისემ ლუდი დალია, რამდენიმე დღის შემდეგ კი წყალი, რათა ენახათ, რომელი ერჩივნათ კოღოებს.
კოღო ანოფელესს, რომელსაც მალარია გადააქვს, უფრო მეტად იზიდავდა ლუდის მსმელთა სუნი.
2023 წელს ნიდერლანდებში ჩატარებულ კვლევაში, 465-მა მოხალისემ მკლავები შეყო მდედრი კოღო ანოფელესით სავსე გალიებში.
მოხალისეები, რომლებსაც ბოლო 34 საათში ლუდი ჰქონდათ დალეული, კოღოებისთვის 1,35-ჯერ უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ.
კლიმატის ცვლილების შედეგად, სულ უფრო ფართოვდება კოღოების გავრცელების ზონები, და შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის გარკვევა, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას კოღოები კონკრეტულ ადამიანებს.
მაგალითად, ვეფხვისებრი კოღო (Aedes albopictus), რომელსაც ჩიკუნგუნიას ვირუსი გადააქვს, ახალ ზონებში ვრცელდება.
შარშან, ჩიკუნგუნია პირველად გავრცელდა ისე ჩრდილოეთით, როგორიცაა საფრანგეთის ელზასის რეგიონი.
„ეს რისკი სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ემუქრება“, — ამბობს სიმარდი.
რა უნდა გააკეთოთ, რომ კბენა თავიდან აირიდოთ?
სიმარდი გვირჩევს, ვცადოთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც კანს ფარავს, კოღოსგან დამცავი ბადეები და რეპელენტები (მწერების დასაფრთხობი საშუალებები).
„ეცადეთ, მიიღოთ მსუბუქი საკვები და თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან“, — ამბობს იგი.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.



