მზის სისტემაში ერთ დროს შეიძლება კიდევ ერთი პლანეტა იყო, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
დიდი ხნის წინ დაკარგული ეს პლანეტა მარსის ზომის უნდა ყოფილიყო, ვიდრე კატაკლიზმური აღსასრული დაუდგებოდა.
მის შესახებ შეიძლება ვერც ვერასოდეს გაგვეგო, რომ არა დედამიწაზე მოხვედრილი მისი რაღაც ნაწილები.
დაახლოებით 4,56 მილიარდი წლის წინ, ახლად შექმნილ მზის სისტემაში სრული ქაოსი სუფევდა — ყველგან ერთმანეთს დაჯახებული და აფეთქებული სხეულების ნამსხვრებები დაფრინავდა.
ახალი კვლევა გვთავაზობს დამატებით მტკიცებულებას იმისა, რომ იმ დროს მზის სისტემაში არსებობდა კიდევ ერთი მარსის ზომის „პლანეტური ემბრიონი“.
„საოცარია იმის წარმოდგენა, რომ ოდესღაც ასეთი დიდი პლანეტა არსებობდა. მის შესახებ მხოლოდ იქიდან ვიცით, რომ რამდენიმე ნამსხვრევი დედამიწაზეც მოხვდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული პეტროლოგი აარონ ბელი.
მართლაც, ამ პოტენციურად პირველი თაობის პროტოპლანეტის უახლესი მტკიცებულება რაღაც გაცილებით პატარიდან ჩაგვივარდა ხელში — მეტეორიტიდან, რომლის წონაც დაახლოებით ნახევარი კილოა.

მეტეორიტი, სახელად NWA (ჩრდილო-დასავლეთ აფრიკა) 12774 აღმოაჩინეს 2019 წელს, საჰარის უდაბნოში. შედგება მუქ ქსოვილში ჩაჭედილი ოლივინის პატარა კრისტალებისგან — ოლივინი საოცრად გავრცელებულ მინერალთა ჯგუფია, რომელიც დედამიწის მანტიის ძირითადი შემადგენელია.
NWA 12774 მიეკუთვნება ქვის მინერალთა საოცრად იშვიათ ჯგუფს, ანგრიტებს, რომელიც დედამიწაზე აღმოჩენილ მეტეორიტთა მხოლოდ 0,09 პროცენტშია წარმოდგენილი.
ამავე დროს, ანგრიტები საოცრად ძველია. ისინი ჩვენთვის ცნობილი უძველესი მაგმური ქანებია, რომლებიც მზის სისტემის წარმოქმნიდან პირველ რამდენიმე მილიონ წელში გაჩნდნენ, როცა სამყაროს ასაკი ამჟამინდელის მხოლოდ ორი-მესამედი იყო.
მიჩნეულია, რომ ამ ჯგუფის მეტეორიტები წარმოქმნილია უფრო დიდი სხეულის დაშლის შედეგად, რომელსაც მეცნიერები ანგრიტის მშობელ სხეულს (APB) უწოდებენ. თუმცა, ძლიერ საკამათო იყო ამ სხეულის ზომა.
ვინაიდან ანგრიტები მხოლოდ მცირე ოდენობით სილიციუმის დიოქსიდს შეიცავს, კლდოვანი პლანეტების მთავარ კომპონენტს, ზოგი მკვლევარი ვარაუდობდა, რომ APB შეიძლება ყოფილიყო 200 კმ რადიუსის მქონე ასტეროიდი, რომელიც მზისგან შორს წარმოიქმნა.
ის შეიძლება ვესტას მსგავსი ყოფილიყო, ასტეროიდთა სარტყლის მეორე უდიდესი ობიექტის, რომელიც ქმნის კლდოვან-აიროვან საზღვარს შიდა პლანეტა მარსსა და გარე გაზის გიგანტ იუპიტერს შორის.

„მასალები, რომლებმაც ანგრიტის მშობელი სხეული წარმოქმნეს, ფუნდამენტურად განსხვავდება დედამიწისა და მარსის ინგრედიენტებისგან. მიუთითებს მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში პლანეტის წარმოქმნის სხვანაირ და ცალკეულ ევოლუციურ გზაზე“, — განმარტავს ბელი.
სხვა მკვლევართა აზრით, ანგრიტის მშობელი სხეული შეიძლება პლანეტის ზომის სხეული იყო; ამის საფუძველს მათ მისი შიდა მაგმატური აქტივობის მეტეორიტული მტკიცებულებები აძლევთ.
ამიტომ, ამ გამოცანა პროტოპლანეტური სხეულის ზომის დასადგენად, დედამიწის მეცნიერთა და გეოქიმიკოსთა ტრიომ NWA 12774 გაცილებით დეტალურად შეისწავლა.
ელექტრონული მიკროსკოპისა და მაღალი რეზოლუციის რენტგენული ხელსაწყოს საშუალებით, შეაფასეს მისი კრისტალური აწყობა.
ასევე შექმნეს ახალი გეობარომეტრული მოდელი, რათა აღედგინათ წნევის ის რაოდენობა, რაც NWA 12774-ში არსებულ მახასიათებელთა წარმოსაქმნელად იყო საჭირო.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ NWA 12774 შეიცავს ალუმინით განსაკუთრებით მდიდარ კლინოპიროქსენის კრისტალებს, რომლებიც მაღალი წნევის ქვეშ წარმოიქმნება.
პატარა, ასტეროიდული ობიექტის წიაღი ამისათვის შესაძლოა საკმარისად მძლავრი არ ყოფილიყო. ეს კი მიუთითებს, რომ მეტეორიტი სათავეს იღებს უზარმაზარი, პლანეტური სხეულის მაღალი წნევის, მაგმური წიაღიდან.
გეობარომეტრულ გამოთვლებზე, ბირთვის შეფასებულ მასაზე და მანტიის სიმკვრივეზე დაყრდნობით, ისევე როგორც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ ამ სხეულის მინიმალური რადიუსი შეიძლება დაახლოებით 1000 კილომეტრი იყო.
თუმცა, მისი შემადგენელი კრისტალების შედარებით ხელუხლებელი ბუნება, რომელიც მათ ქიმიურ მახასიათებლებსა და უსწორმასწორო კიდეებშია შემორჩენილი, მიუთითებს შედარებით არაღრმა წარმოშობაზე მაგმის დიდ რეზერვუარში და შესაბამისად, გაცილებით დიდ ზომაზე.
შედეგად, ამჟამად გამქრალი ამ მშობელი სხეულის რადიუსი შეიძლება 1800 კმ ყოფილიყო, ანუ მთვარეზე ოდნავ უფრო დიდი (1740 კმ). ზედა დიაპაზონის შეფასებები მიუთითებს, რომ ეს სხეული შეიძლება კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო, დაახლოებით 3300 კმ რადიუსის, ანუ მარსზე ოდნავ პატარა (3390 კმ).
უცნობია, რა ბედი ეწია ამ პლანეტას. სხვა კვლევის თანახმად, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, რომ ის ახალგაზრდა, მძვინვარე იუპიტერმა გაანადგურა.
უცნობია, კატაკლიზმური შეჯახებით განადგურდა თუ გრავიტაციული ურთიერთქმედებებით.
მეტეორიტების ნიმუშების საფუძველზე შეიძლება სხვა ასეთი პლანეტების კვალიც აღმოვაჩინოთ.
კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.



