რას წარმოადგენდა გუშინ საღამოს ცაში გამოჩენილი კაშკაშა ობიექტი
რას წარმოადგენდა გუშინ საღამოს ცაში გამოჩენილი კაშკაშა ობიექტი

გუშინ, 27 მაისის საღამოს, ჩრდილოეთ თურქეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ ცაში შთამბეჭდავი ნათება შენიშნა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ცაში მოელვარე მეტეორი, რომელიც შემდეგ ძალიან კაშკაშად ფეთქდება.

თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, „სინათლის ბურთი“ ცაში ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (თბილისის დროით 21:30 საათი) გამოჩნდა. ამავეს წერენ სოციალური მედიის მომხმარებლები დასავლეთ საქართველოდან. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში მოვლენა მრავალი სხვადასხვა კუთხიდან არის ასახული; აშკარად ჩანს, რომ ობიექტი ცაში საკმაოდ მაღლა ფეთქდება. ჯერ დადასტურებული არ არის, რომ ობიექტი მართლაც მეტეორი იყო, თუმცა, მახასიათებლებით სწორედ ამ მოვლენას შეესაბამება.

სანახაობა ძალიან ჰგავდა დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილ კოსმოსურ ნამსხვრევს, რომელიც ხახუნის შედეგად იწვება და ზედაპირზე ჩამოვარდნამდე ფეთქდება. ასე ემართება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსულ პატარა სხეულთა უმეტესობას.

დედამიწის ატმოსფეროში კოსმოსური ნამსხვრევები გამუდმებით შემოდის. მეცნიერთა შეფასებით, მათი რაოდენობა დღეში მილიონებს აღწევს. უმეტესი მათგანი სულ ერთი ციცქნაა, ქვიშისა და ბარდის მარცვლის ზომებს შორის და ხშირად ატმოსფეროში ისე იწვება, რომ ვერც კი ვამჩნევთ.

თუმცა, ყოველწლიურად ხდება ცოტა, მაგრამ უფრო მოზრდილი ნამსხვრევების შემოსვლაც, რომლებიც წარმოქმნიან მეტეორს, რასაც ადვილად ვამჩნევთ. მრავალი მათგანი ცაში შთამბეჭდავად, ბურთულის ფორმის ნათებას წარმოქმნის, რასაც ბოლიდი ეწოდება — სწორედ ასეთი იყო თურქეთის თავზე მომხდარი მოვლენაც.

ნასას მონაცემთა ბაზაში 1988 წლიდან დღემდე 822 ასეთი ბოლიდია აღრიცხული; მოვლენა წელიწადში საშუალოდ 25-ჯერ ხდება, დედამიწის სხვადასხვა ადგილას. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 71 პროცენტი წყლით არის დაფარული, მეტეორთა უმეტესობა სწორედ ზღვებისა და ოკეანეების თავზე ფეთქდება.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მოვლენა სახიფათოა, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის.ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც მეტეორიტი ვინმეს დაეცა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ჩანაწერებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მე-19 საუკუნეში, ქურთისტანის რეგიონის თავზე აფეთქებულმა ბოლიდმა ერთი ადამიანი შეიწირა.