კანადაში, ერთ-ერთ მაღაროში 2,4 კმ სიღრმეზე მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
დედამიწაზე არსებულ უხვ სიცოცხლეს შორის, მიკროორგანიზმებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ არსებობა თითქმის ყველგან შეუძლიათ. ამჯერად, ამის ახალი მტკიცებულება გვაქვს — კანადის ერთ-ერთ მაღაროში, ზედაპირიდან 2,4 კმ სიღრმეში, მზის სინათლისა და სუფთა ჰაერისგან შორს, ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს.
მკვლევართა აზრით, სიცოცხლის ეს მიკროსკოპული ფორმები უძველეს მიწისქვეშა წყალში არსებული სულფატებით სულდგმულობენ; ჟანგბადის ნაცვლად, არსებობისათვის ისინი სულფატებს „სუნთქავენ“.
თავის მხრივ, ამ მაღაროს წყალი ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე, რომელიც პლანეტის ზედაპირს მილიონობით წლის წინ გამოეყო.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ასეთ სიღრმეში სიცოცხლის არსებობა შეუძლებლად მიიჩნეოდა, რადგან იქ საკმაოდ მწირია ცოცხალი ორგანიზებისათვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები.
როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, თანამედროვე სამეცნიერო ეპოქაშიც კი, პლანეტის ბიოსფერო მიიჩნეოდა ერთ თხელ შრედ დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს, სიცოცხლე კი ფოტოსინთეზზე დამოკიდებული გვეგონა.
თუმცა, ეს ჰიპოთეზა შეიცვალა. მაღაროს სიღრმეში აღებულ წყალს მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ პრეისტორიული წყალი დაბინძურებული არ იყო ზედაპირის სიახლოვეს მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოებით, ნიმუშებში შენიშნეს მეტაბოლური აქტივობის ნიშნები.
მას შემდეგ, რაც ნიმუშებიდან აღებულ ინკუბირებულ უჯრედებს საკვების წყაროები დაუმატეს, ჯგუფმა დაადგინა, რომ ისინი საკვებს ნამდვილად ამუშავებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ მიკრობებთან გვაქვს საქმე, მაგრამ შედეგები აჩვენებს, რომ ისინი, განსაკუთრებით კი სულფატების მომხმარებლები, აქტიურები არიან და ცოცხლობენ ზედაპირის სიღრმეში, ქანებსა და წყალს შორის მიმდინარე ქიმიურ რეაქციათა შედეგად.
ტორონტოს უნივერსიტეტის გეოლოგის, ბარბარა შერვუდ ლოლარის განცხადებით, მაღაროს სიღრმეში ამ მიკრობთა არსებობის შესახებ მათ ეჭვი აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ მის დამტკიცებას საკმაო დრო და ენერგია დასჭირდა.
ამავე ჯგუფმა , წყალბადითა და სულფატებით მდიდარ ამ წყალში მიკრობების კვალი წარსულშიც იპოვა. ახლა კი დამტკიცდა, რომ სიცოცხლის ეს ციკლი გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ მაღაროების სიღრმეებში გავრცელებულ ბაქტერიებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე არც თუ ისე დიდი გავლენა აქვთ, ისინი აფართოებენ ჩვენს გაგებას სიცოცხლის რაობასთან დაკავშირებით; ვიგებთ იმასაც, როგორ შეუძლიათ მათ გადარჩენა ასეთ სასტიკ გარემოში.
დედამიწის მიწისქვეშა ბიოსფეროს კვლევა კი თავის მხრივ, დიდად გვეხმარება მზის სისტემის მიღმა არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში. ის, რაც კანადაში, კიდ-კრიკის მაღაროში ხდება, შეიძლება ყველგან, მთელ სამყაროში ხდებოდეს.
კვლევა Geomicrobiology Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.