კახაბერ ქემოკლიძე - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, კარგად გაიაზროს რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა ან ინვესტიციის მოზიდვის შანსი
კახაბერ ქემოკლიძე - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, კარგად გაიაზროს რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა ან ინვესტიციის მოზიდვის შანსი

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პირდაპირ შეგვიძლია, შევაფასოთ როგორც უაღრესად სახიფათო საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, როგორც ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო იმიჯის დაზიანების კუთხით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე ხდება უმწვავესი პოზიციების დაფიქსირება ამ პროცესებთან დაკავშირებით და მათ შორის, კეთდება მინიშნებები კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე.

„დღეს განცხადება გააკეთა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ჩვენი შეფასებით, შექმნილი ვითარება მოითხოვს, გვერდზე გადაიდოს ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესები, ხელისუფლებამ ახლა მაინც გაიაზროს შექმნილი ვითარება, შესაძლო რისკები და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნისათვის დამატებითი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირების გზა გადის პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასა და „გავლენის ჯგუფების“ შესუსტებაზე სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს 19 აპრილის შეთანხმებაც.

ასევე განვაცხადეთ, რომ ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა პრაქტიკულად აღარ არსებობს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაწყება და გაგრძელება იქნებოდა მძიმე შედეგების მომტანი – ეს დადასტურდა კიდეც და დღეს, სახეზეა მთელი საერთაშორისო საზოგადოების, სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი რეაქციები ამ ყველაფერზე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ბოიკოტი ჩათვალა გამოსავლად, ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა ჩვენი აქტიური მონაწილეობით და მეტიც, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, კიდევ ერთხელ ნათლად დავანახეთ საზოგადოებას ამ პროცესის არა მხოლოდ მანკიერი მხარეები, არამედ ისიც, რომ მმართველმა პარტიამ ხმა მისცა და სამუდამოდ გაამწესა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ და რომლებიც არათუ დღევანდელ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებს ვერ ხედავენ, არამედ 2012 წლამდე არსებულ სასამართლო სისტემას აფასებენ როგორც დამოუკიდებელს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

​მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმ პროცესების შესაჩერებლად, რაც სასამართლოს სისტემაში „გავლენის ჯგუფების“ გაძლიერებას იწვევს.

„სწორედ ამ მიზნით, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას: პირველი – მხარი დაუჭირონ პარტია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ორმაგი 2/3-ით, რაც გულისხმობს საბჭოს როგორც მოსამართლე წევრების 2/3-ის, ისე არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობას. მეორე – ხელისუფლებამ ყველა აქტორის ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაიწყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ინკლუზიური პროცესი, რომელიც იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხო გარემო და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებმა, ასევე ქვეყნის სტუმრებმა თუ ინვესტორებმა, ელემენტარულად თავი იგრძნონ დაცულად, ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა და მოახდინოს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი რეაგირება, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს 5 ივლისს მომხდარი სისტემური ძალადობა და მისი ორგანიზებული ხასიათი.

ამასთან, არა მხოლოდ შს მინისტრი, არამედ პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური ხელმძღვანელი მივიდნენ საქართველოს პარლამენტში და ყველა კითხვას გასცენ პასუხი, მათ შორის, უმთავრეს კითხვას, რატომ არ მოახდინეს ძალადობის პრევენცია?! ჩვენი პოზიცია მყარია, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომელიც დღითიდღე სულ უფრო მწვავდება და მძაფრდება, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, კარგად გაიაზროს ის რისკები, რომლის წინაშეც აყენებს ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე საზრუნავი აქვს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკონომიკური კრიზის დაძლევაზე, დგას რეალური საფრთხის წინაშე, დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა, დაკარგოს ნებისმიერი ინვესტორი ან ინვესტიციის მოზიდვის შანსი და მარტო დარჩეს უმძიმესი პრობლემების წინაშე“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.