კახაბერ ქემოკლიძე - ღარიბაშვილს ვურჩევდი, გახარიას კომპლექსი რამენაირად დაძლიოს და საქმეს მიხედოს
კახაბერ ქემოკლიძე - ღარიბაშვილს ვურჩევდი, გახარიას კომპლექსი რამენაირად დაძლიოს და საქმეს მიხედოს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას „ფეისბუქ“ პოსტის მეშვეობით პასუხობს.

ქემოკლიძის თქმით, ღარიბაშვილს ურჩევს, ფუჭი კომენტარების კეთების ნაცვლად, კოვიდ მენეჯმენტით დაკავდეს და საქმეს მიხედოს.

„მოვისმინე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება და უნდა ვთქვა, რომ არ გაუმართლა ბ-ნ პრემიერს – კომენტარის დაწერა გადავწვიტე.

1. გახარია 2013 წელს ჩამოვიდა და 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიაო. ბ-ნი კობახიძე, ბ-ნი მდინარაძე და სხვები (მაშინდელ ენმ-ის წევრებზე აღარ ვსაუბრობ დღეს რომ ლურჯი მაისურები აცვიათ ამაყად) ალბათ 2011-2012 წელს განსაკუთრებით იბრძოდნენ „ღდო“-ს (ღრმა დაშიფვრის ოფიცერი) სტატუსით ხომ, რადგან ასევე არსად ჩანდნენ?! ეს ისე რიტორიკულად.

2. ესე იგი გახარიამ კლუბების, პანკისისა და გავრილოვის ოპერაციების მართვისას შეცდომები დაუშვა და ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ფასი გადაიხადაო. ამას იძახიან იმ ადამიანზე, რომელმაც მთელი „ქართული ოცნების“ ლაფი (თავისი ნარკოტიკებით დაღუპული ახალგაზრდებით, პანკისში მოუმზადებლად შესული სამშენებლო კომპანიით, გავრილოვის ჩამოყვანითა და სპიკერის სკამზე „ხვევნა-კოცნა მტლაში-მტლუშით“) ტანზე შეიზილა, სახეზე წაისვა, ერთი აუგი სიტყვა არავისზე დასდცენია და ყველაფერი საკუთარ პასუხისმგებლობად აიღო…

3. გახარიამ გუნდს და სახელმწიფოს უღალატა კრიტიკულ მომენტშიო. რომელ მომენტზე საუბრობს ბ-ნი პრემიერი იცით? ბ-ნი მელიას დაკავებაზე, რომელიც 6 კვირის თავზე, მთავრობის უგუნურების, არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური პროცესების მართვის ელემენტარული ცოდნის არ ქონის გამო, ციხიდან გამოუშვეს, მოაყოლებინეს ბ-ნი რურუა, ორივეს სამუდამო პოლიტიკური ჯავშანჟილეტები ჩააცვეს, საქართველო, როგორც ქვეყანა მსოფლიო დონეზე სამარცხვინო ტალახში აგორავეს, სახელმწიფო ინტერესები პირდაპირ გადათელეს, დაშლილ-დაქუცმაცებული მაშინდელი ოპოზიცია გააერთიანეს, ახალი სიცოცხლე ჩაბერეს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრეზიდენტი, მათი და აშშ-ის ელჩი 6 თვე აწვალეს, წერტილ-მძიმე ასწორებინეს, 43 %-ის ზღვარი გაიფორმეს, პარტნიორებს ტაში აკვრევინეს, ოპოზიცია პარლამენტში შეაყვანინეს და შემდეგ „გადააგდეს“… აი, ამ ყველაფერზე ითქვა, რომ გახარიამ თურმე „გუნდს და სახელმწიფოს უღალატაო“. იმ გუნდს თან, რომელიც იმ ღამეს 4 000 ღირსეულ პოლიციელს შენობაში საჩხუბრად გამზადებულ 650 ოპოზიციონერს უგზავნიდა, რათა კიდევ უფრო მწარედ შერცხვენილიყო ეს ქვეყანა და კიდევ უფრო სწრაფად დავმსგავსებულიყავით იმათ, ვისაც ძლივს ჩამოვშორდით.

4. გახარია წინა დღეებში თავად ემხრობოდა მელიას დაჭერასო. ეს კი მართალი თქვა ბატონმა პრემიერმა, ოღონდ ის აღარ დაუმატებია, რომ „ჭკვიანურად დაჭერას“ ემხრობოდა, რათა ეს ისედაც კრიზისებში ჩაფლული ქვეყანა კიდევ უფრო არ დაეზიანებინა, როგორც თავად გააკეთეს საბოლოო ჯამში. იმით აღარ გავაგრძელებ თავად ბ-ნი ღარიბაშვილი რას ემხრობოდა წინაა დღეებში…..

5. ყოფილმა თავმჯდომარემ გახარიას დაარქვა მოღალატის სახელიო. აქ მგონია რომ ორი რამ დაავიწყდა ბ-ნ პრემიერს: 1. თავის დროზე მაშინდელმა მოქმედმა თავჯდომარემ მის გადადგომასაც დაარქვა სახელი და 2. სჯობს პარტიულად „მოღალატე“ დაგარქვან (როგორც თავის დროზე კომუნისტები აკეთებდნენ), ვიდრე სახელმწიფოს, მისი ინტერესების, ღირებულებების და ღირსების ღალატის იარლიკით იცხოვრო…!

6. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობის მანდატი დაგვიტოვა ჩვენ, „ქართულ ოცნებასო“. არ მოგესმათ, მართლა ასე თქვა. მგონი ბატონ პრემიერს მართლაც დაავიწყდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობის მანდატი დაუტოვა ორ ადამიანს: ბ-ნ ივანიშვილს (მაშინდელ პარტიის თავჯდომარეს/დამფუძნებელს) და ბ-ნ გახარიას (პრემიერობის კანდიდატს და სიის პირველ ნომერს). ეს წინადადება პასუხია კითხვაზე – თუ როდის გაიმართება საპარლამენტო არჩევნებიც, რადგან, ხალხი იმაზე გონიერი და ბრძენია, ვიდრე ბ-ნ ღარიბაშვილს წარმოუდგენია;

7. სამეგრელოში დადიან გახარიას პარტიის წევრები და სხვადასხვა რამეს იძახიან ჩვენთან თანამშრომლობაზეო. ეტყობა, ბ-მა ღარიბაშვილმა ჯერ არ იცის (ან იცის და გვიმალავს) სამეგრელოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რას იძახიან?! –„გახარია კარგია, ისევ „ქართული ოცნების“ წევრია და იქნებ შემოხაზოთ 41 ნომერიო,

8. და ბოლოს, last but not least ბ-ნ ღარიბაშვილს, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ფუჭი კომენტარების კეთების ნაცვლად ვურჩევდი, რომ სრულად „ჩაფლავებული“ (1-26 აგვისტოს პერიოდში 1208 ადამიანი რომ გარდაგვეცვალა), კოვიდ მენეჯმენტით დაკავდეს, გახარიას კომპლექსი რამენაირად დაძლიოს და საქმეს მიხედოს, რადგან პრემიერობა იმაზე სწრაფად შეიძლება დასრულდეს, ვიდრე თავად წარმოუდგენია. ეს სერიალიც ნანახი გვაქვს…!“, – წერს კახაბერ ქემოკლიძე.