კახაბერ ქემოკლიძე -  რაღა დაგიმალოთ, იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით გაიმარჯვებს
კახაბერ ქემოკლიძე - რაღა დაგიმალოთ, იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით გაიმარჯვებს

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე აუცილებლად ჩატარდება.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, „რატომ გგონიათ, რომ იქნება? იმიტომ, რომ მეორე ტურში ოპოზიცია გაიმარჯვებს?“, – ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მეორე ტურში ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით გაიმარჯვებს.

„სიმართლე თუ გინდათ, მეორე ტურზე, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით გაიმარჯვებს, რაღა დაგიმალოთ, ეს ერთი, და მეორე – ის რეზულტატი „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი უდიდესი, ტიტანური შეცდომების საშუალებით მისცა. როგორ მისცა ეს ყველაფერი? ოთხი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ 99-პროცენტიანი რესურსი პირდაპირპროპორციულად იყო დამიზნებული გახარიაზე, ჩვენზე, ჩვენს თითოეულ მხარდამჭერეზე. ჩაშლილი ინსტრუქციების დონეზე, „ნაციონალურ მოძრაოაბას“ საერთოდ არ უტევდნენ, მაშინ, როცა გახარიას პარტიის წევრებზე პირდაპირ დამიზნებული ფოკუსი იყო“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, პოლიტიკაში შემოსვლისას იცოდნენ, რომ რთული გზის გავლა მოუწევდათ.

„პოლიტიკაში როცა შემოვდიოდით, არ გვქონდა ილუზია, რომ ეს იქნებოდა წითელი ხალიჩა და თეთრი ვარდებით მოფენილი გზა. ის გენერალური ხაზი, რომელსაც ჩვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად, გადაუწყვეტელ ელექტორატს ვთავაზობდით, რომ ეს არ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად რადიკალური დაჯგუფება, რაღაც ქუჩის პროტესტების მომხრე და ა.შ. ისევე როგორც შინაარსისგან დაცლილი, ფაქტობრივად გამხმარი ხის მსგავსი „ქართული ოცნება“, რომელსაც იდელოგია აღარ აქვს, ფასეულობები აღარ აქვს, ღირებულებები აღარ აქვს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რთული გზა იქნებოდა. ვიცოდით, რომ ერთიც და მეორეც კენჭების სროლას დაიწყებდნენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ისევე როგორც ამ რეზულტატმა აჩვენა, ეს არის საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებისკენ მიმავალი სწორი გზა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.