კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს
კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს

ჩვენი პარტია ემხრობა ცვლილებებს, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში დააბრუნოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიგვაჩნია, რომ იყო გუშინწინდელი დღე, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ არის გუშინდელი დღე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

ქემოკლიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერთ მხარს, თუ ნიკა მელიას“.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

„ბატონი გახარია, ისევე როგორც ჩვენი პარტია, ემხრობა ცვლილებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ ფაქტობრივად, პრაქტიკულ დონეზე ხელისუფლებაში დააბრუნოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიგვაჩნია, რომ იყო გუშინწინდელი დღე, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე, ვის დაუჭერთ მხარს, შეგიძლიათ, გააკეთოთ მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომ არც ერთს და არც მეორეს“, – აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

ქემოკლიძის განმარტებით, „პარტია „საქართველოსთვის“ იბრძვის ცვლილებებისთის, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა არ დააბრუნოს იმ ბნელ, რთულ წლებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრ შეცდომას უშვებდა, ამავდროულად, ფაქტობრივად წარსულში დაბრუნებული ხელისუფლება, ეტაპობრივად გავიდეს პოლიტიკური ველიდან“.

„ის ელექტორალური სეგმენტი, რომელმაც დღეს პარტიას „საქართველოსთვის“ მხარი დაუჭირა და ხმა მისცა გიორგი გახარიას, შინაარსობრივად ძალიან კარგად ერკვევა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში. ამიტომ, ამ ადამიანებს არ დასჭირდებათ რაიმე ტიპის მოწოდება, ან ერთ მხარეს წავიდეს, ან მეორე მხარეს“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას შორის მეორე ტური გაიმართება.