კახა კუკავა - მედია ზურაბიშვილზე, ვაშაძესა და ბაქრაძე ზედ არის გადაყოლილი, დანარჩენი კანდიდატები კი იგნორირებული ვართ
წინასაარჩევნოდ ცუდი მედიაგარემოა, რადგან გამოყოფილია სამი კანდიდატი – ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე, რომლებზეც ქართული მედია ზედ არის გადაყოლილი, დანარჩენი კანდიდატები კი იგნორირებული ვართ, რაც სტატისტიკითაც ჩანს, – განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„მე პირადად, დავით ბაქრაძეზე და სალომე ზურაბიშვილზე მეტ შეხვედრებს ვატარებ და ჩემს შეხვედრებს უფრო მეტი ადამიანი ესწრება, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს. შეხვედრებზე ყველა ტელევიზიას ვატყობინებ და ანონსებს ვუგზავნი, მაგრამ ხალხი, ვინც ტელევიზორს უყურებს, მეკითხება, საარჩევნო კამპანიის დაწყებას როდის აპირებო. შეხვედრებზე კამერა მე თვითონ დამყავს, ჩატარებულ შეხვედრებს დისკებზე ვწერ და რვა თუ ცხრა არხზე მე თვითონ ვარიგებ. აი, ამ დღეში ვარ. ბაქრაძე კი, სადღაც გაიქცევა, სამ კაცს შეხვდება და თოთხმეტი არხი კუდში დასდევს“, – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, მედია და ფინანსები არათანაბრად არის გადანაწილებული და კანდიდატები არათანაბარ პირობებში არიან.
როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პრეტენზია არ აქვს, რადგან სხვა ტელევიზიები მას საერთოდ არ აჩვენებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ეთერს უთმობს.
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ჯოზეფ ქეის პირობებში უფრო დაბალანსებული იყო, ვიდრე ახლა, როცა ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა.
„სირცხვილი არ არის, „იმედის“ ეთერში ბადრის მკვლელები დილიდან საღამომდე ლაივში რომ არიან გაკვეხებული და მე დაბლოკილი?! ისინი დილიდან საღამომდე ბადრის მკვლელებს აშუქებენ. გიგა ბოკერიას პირდაპირ ეთერში ორი საათი ეთმობა, კახა კუკავა კი აკრძალულია. ამის გამო პატარკაციშვილის ოჯახს ან ამ არხის მენეჯმენტს არ რცხვენია?! ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტრომ“, რომელთა დაცვაშიც წლები გავატარე, ეთერში ჩემი კლიპებიც კი არ გაუშვეს. ამისთვის სირცხვილი მათ და სირცხვილი პატარკაციშვილების ოჯახს, რომლებმაც თავიანთი მიცვალებული რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე გაცვალეს“, – განაცხადა კახა კუკავამ.