კახა კოჟორიძე - ეუთო-მ მიანიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს
კახა კოჟორიძე - ეუთო-მ მიანიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს

ეუთო-მ საქართველოს სასამართლოზე მიანიშნა, თუმცა, მიანიშნა, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ეუთო-მ დასაშვებად მიიჩნია ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება. მან დასაშვებად მიიჩნია ამგვარი ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კოდექსში იმ მოცემულობით, რომ კონსტიტუციაში წერია ის, რაც წერია. ანუ, ლოგიკურად იგულისხმება, რომ ეს შესაძლებლობა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. მარტივ კითხვას ვსვამ – ეუთო-ს რომ დაენახა, ეს კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ამას ხაზგასმით იტყოდა თუ არა? დიახ, იტყოდა, ვინაიდან მოლდოვასთან მიმართებაში ეს უკვე გაკეთებული აქვს და საქართველოსთან მიმართებაშიც გააკეთებდა“, – განაცხადა კოჟორიძემ.

ამ განცხადებით კახა კოჟორიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყო თუ არა სწორი ეუთო-ს ჩართვა იმ პროცესში, რომ ინიციატივის კონსტიტუციურობა შეგვემოწმებინა, რადგან ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში დასაწყისშივე არის შენიშვნა, რომ კონსტიტუციურობაზე ეროვნულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. 

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, „რა თქმა უნდა, ეუთო სხვანაირად ვერ იტყოდა.“

„ისინი თავიანთ რეკომენდაციებს გვეუბნებიან და საკუთარ შეხედულებებს თავს არ გვახვევენ. რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერც იტყოდა. ეუთო იმას ხომ არ იტყოდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ის იქნება, რასაც ჩვენ გეტყვით და სასამართლოს არ აქვს უფლება, ამაზე იმსჯელოსო?! რა თქმა უნდა, ეს თქვა, რომ თუ ეს მიმართვა იქნება, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ჩვენი აზრი ასეთია, რომ ეს კონსტიტუციას შეესაბამებაო“, – განაცხადა კოჟორიძემ.

მოძრაობა „ლელოს“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა, პარტიების მხრიდან პოლიტიკური პროცესი მშვიდ ვითარებაში გადავიდა.

„ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ერთმანეთთან რადიკალურად შეუთავსებელი პარტიები ერთ მაგიდასთან სწორედ მას შემდეგ დასხდნენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაგდება ჩაიდინა და არა მანამდე. „ქართული ოცნების“ მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ამ ნაბიჯით ყველა სხვა პარტია იძულებული გაეხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დამსხდარიყვნენ და მერე, ყველასთვის ნაცები ეძახა. ეს ხომ მარტივი სცენარია?!“ – განაცხადა კოჟორიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები არჩევნებთან დაკავშირებით სამართლიანი თამაშის წესებზე სასწრაფოდ უნდა შეთანხმდენ, რომ შემდეგ, რაციონალურ მსჯელობაზე გადავიდნენ იმ ყოველდღიურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.