„ლელო“ - ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ფონია, ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
„ლელო“ - ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ფონია, ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ დაუსჯელობის სინდრომი და ხელისუფლების უპასუხისმგებლობა კრიმინალის მაჩვენებელს ზრდის და ადამიანებს დაცულობის შეგრძნებას უკარგავს.

საკითხზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ, ასევე, პარტიის წევრმა და მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ ისაუბრეს.

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და მოსახლეობას ატყუებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოა.

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ცხრა წლის თავზე ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია, არის დაცინვა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ადამიანები აიყვანეს მძევლებად და მათ სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე, სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს უცხოელი სტუმარი, ამ ქვეყანაში რეალურად ჩვენ არ ვართ დაცული. არც მე, არც თქვენ, არც ჩვენი შვილები. არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც არ ვართ უსაფრთხოდ“, – აცხადებს ბიბილაშვილი.

პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია და მას ტყუილი უწოდა.

„დღეს პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე არის დაცული. ეს ის ადამიანია, რომელმაც მოაწყო 5 ივნისი, რომელმაც მთავრობის ტრიბუნიდან ხალხის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ფონია და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშს იხდიდეს, ხალხს ატყუებს და გვეუბნება, რომ ქვეყანაში ხალხი დაცულია. ეს არის დაცინვა და ამ დაცინვას ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს გასცემენ შესაბამის პასუხს“, – აღნიშნა სამუშიამ.