„ლელომ“ ხაშურსა და ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
„ლელომ“ ხაშურსა და ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ ხაშურსა და ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

„ქვეყანას სჭირდება ძლიერი და ნიჭიერი გუნდი, რომელიც ჰყავს „ლელოს“. პარტიას აქვს ძლიერი ხედვები, რის შედეგადაც ქვეყანა გახდება ფინანსურად ძლიერი და ადამიანებს გაუჩნდებათ იმედი“, – განაცხადა კოჟორიძემ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას.

კოჟორიძის თქმით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს და მრავალპარტიული დაბალანსებული მმართველობა დაიწყოს.

„ამ ადამიანებთან ერთად, ვინც აქ არიან შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს, მნიშვნელოვანი ბრძოლა გავმართეთ და ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სათქმელი ვთქვით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება თვითმმართველობის არჩევნების გზით. იმ ვითარებაში როდესაც ჩვენ ვხედავთ, უუნარო ხელისუფლებას, სხვა გზა არ გვრჩება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, ქალაქს, რაიონს ჩვენს თავს და ოჯახს. ის პრობლემები რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, დაწყებული უმუშევრობით და დასრულებული ზოგად სახემწიფოებრივი პრობლემებით, ეს პრობლემები დაძლევადია. ჩვენი სიმტკიცე და შეუპოვრობაა ამისთვის აუცილებელი.

ხაშურში სოფელ ფლევში „ლელოს“ ძლიერ გუნდს წარადგენს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება კობა ნოზაძე. ხოლო სურამში პარტიის სახელით იბრძოლებს მზია გრიგალაშვილი. ცოცხნარაში კობა ხაჩიძე. ესენი არიან „ლელოს“ გუნდის ღირსეული კანდიდატები და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს ადამიანები გავლენ საკრებულოში და მივალთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე”,-კახა კოჟორიძე.

„ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ბორჯომშიც. პარტიის სახელით, ბორჯომის 33.01 ოლქში კენჭს იზოლდა ლომიძე იყრის, ხოლო 36,02 ოლქში ელდარ გელაშვილი.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.