კახა კალაძე - კომპანიას ხვალიდან ექნება საშუალება, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ პროექტის განხორციელება დაიწყოს და ყველა სამუშაო დაასრულოს
თბილისის მერიამ პროექტ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული მშენებლობის პრობლემა გადაჭრა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც შეჩერებული მშენებლობების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქალაქში დაახლოებით 179 გაჩერებული ობიექტია.
„ამ მიმართულებით ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი გვყავს, არიან მსხვილი კომპანიებიც, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ ეხება. დაახლოებით, 350 ადამიანია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭიროს. ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის სამშენებლო კომპანიას, ხვალიდან ექნება საშუალება, პროექტის განხორციელება დაიწყოს და ყველა ის სამუშაო დაასრულოს, რომელიც წამოწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად მერია მუშაობას განაგრძობს.
„სერიოზული პრობლემაა ასევე, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში დოკუმენტაცია შემოვა, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს, რაც მისაღები აქვს. ინდივიდუალურად ვმუშაობთ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მხრიდან იყოს დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობა და თანადგომა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, როგორც მან განმარტა, უსაფრთხოების ჭრილში გასათვალისწინებელია შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც. აქედან გამომდინარე, კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს სთხოვს, კონსტრუქციული დასკვნა წარმოადგინონ.
„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მშენებლობის დასრულებისა და შესახლების შემთხვევაში, იქ მცხოვრებლებს სამომავლოდ, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის ყველა სამსახურის მხრიდან სრული მზაობაა, რათა თბილისში შეჩერებული მშენებლობები აღარ იყოს და ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს.