„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებულ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ემკვადრატი“ დაასრულებს
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებულ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ემკვადრატი“ დაასრულებს

საბურთალოს რაიონში სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებულ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ემკვადრატი“ დაასრულებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე განაცხადა, მთელი რიგი პრობლემების გამო „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ ვერ შეძლო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საბურთალოს რაიონში. პრობლემა 10-12 წლის წინ დაიწყო. აქ დგას შენობა-ნაგებობა, რომელიც დასრულებული უნდა იყოს და აქ მყოფი ადამიანები ცხოვრობდნენ ამ შენობაში. საცხოვრებელი სახლი სამშენებლო კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ უნდა აეშენებინა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. როდესაც საუბარია თბილისში დაუმთავრებელ მშენებლობებზე, დაზარალებულ ოჯახებზე, „ოლიმპიური ვარსკვლავიც“ იყო ერთ-ერთი ასეთ კომპანია. დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რადგან სამშენებლო კომპანია „ემკვადრატი“ დაინტერესდა ამ პროექტით. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი მონაწილეობდა ამ პროექტში. მადლობა მას, მერიისა და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებულიყო. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი დასრულდება და 400-მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინები ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ ასეთი პროექტი განახორციელა კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულები ოჯახებისთვისაც.

„ჩვენი ასეთ პროექტი განვახორციელეთ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის და საკმაოდ კარგი პრაქტიკა გვაქვს. სამწუხაროდ, 170-ზე მეტი ობიექტია ქალაქში, რომელიც არის დაუმთავრებელი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ვიზუალურად ქალაქისთვის და ასევე ყავს ბევრი დაზარალებული ოჯახი. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შემთხვევაში მივიყვანეთ საქმე ბოლომდე, ასე იქნება სხვა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი შემდეგი სამუშაო ეს არის „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები, დაახლოებით 6500-მდე ოჯახი და დარწმუნებული ვარ, ამასაც ბოლომდე მივიყვანთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებსაც მალე გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.