ლაშა ტალახაძე - იმედია, მომავალ ოლიმპიადებზე სხვა ვარსკვლავები შეგვემატებიან #1TVSPORT
ლაშა ტალახაძე - იმედია, მომავალ ოლიმპიადებზე სხვა ვარსკვლავები შეგვემატებიან #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ლაშა ბექაურის ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს დამატებითი ჩანაწერი შეემატა.

დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ოლიმპიურ კომიტეტში ჩემპიონების ვარსკვლავი იხსნება, ხოლო თუ ამ ტიტულს მეორედ მოიპოვებს, მის ვარსკვლავზე დამატებითი ჩანაწერი კეთდება და მორიგი წარმატების აღმნიშვნელი თარიღი იწერება. ტალახაძემ ვარსკვლავის გახსნა ლაშა ბექაურს მიულოცა:

„ოლიმპიური კომიტეტის ეზოში 37-ე ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა. ამავე დროს, ჩემს ვარსკვლავს ტოკიოს თამაშების მედლის აღმნიშვნელი წარწერა დაემატა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ. ვიმედოვნებთ, მომავალი ოლიმპიადების შემდეგ ამ გალერეას სხვა ვარსკვლავები დაემატება. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც ატაცში 223, აკვრაში 265, ხოლო ორჭიდის ჯამში, 488 კილოგრამი დააფიქსირა. პირველად კი ოლიმპიურ ოქროს 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე დაეუფლა.

ქართველი ძალოსანი ახლა შემდეგ ოლიმპიადაზე მონაწილეობასაც აპირებს და ვარჯიში უკვე განაახლა:

„ოლიმპიადის შემდეგ დიდი ხანი არ დამისვენია, მხოლოდ ერთი თვე, და ესეც საკმარისია. ვარჯიში უკვე განვაახლე და შემდეგი ტურნირებისთვის ვემზადები“.

28 წლის ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია – მან პირველად ოქროს მედალი რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებში მოიპოვა, ხოლო მეორედ ამას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიაღწია.