კახა კალაძე - „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება და კუთვნილ ბინებს 400-მდე ოჯახი მიიღებს
კახა კალაძე - „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება და კუთვნილ ბინებს 400-მდე ოჯახი მიიღებს

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება და კუთვნილ ბინებს 400-მდე ოჯახი მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულების ბინების მშენებლობა არის პროექტი, რომელიც დღეს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეული მიზეზებისა და პრობლემების გამო, ვერ მოხერხდა დამთავრება და 13 წელია, ეს ადამიანები უშედეგოდ ელოდებიან საკუთარი ფართების მიღებას. ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თანხები აქვთ გადახდილი და ბინის მიღებას ვერ ახერხებდნენ. 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.

დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ იწყება უშუალოდ მშენებლობა. ორი კვირა დასჭირდება კომპანიას მობილიზებისთვის, რომ მოაწყოს სამშენებლო მოედანი, ასევე გაითვალისწინოს ყველა ის რეგულაცია, რომელიც არის მშენებლობებზე ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ კონკრეტულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვებიც გაცემულია, პროექტი დამტკიცებული და შეთანხმებულია და სამი წლის განმავლობაში სამუშაოები მთლიანად დამთავრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოჯახებს, რომლებიც თბილისში წლებია, ელოდებიან საცხოვრებელ ფართს, ეტაპობრივად დაეხმარებიან.

„ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს ყველა პრობლემურ პროექტთან დაკავშირებით. ეტაპობრივად მოვახერხებთ იმას, რომ თბილისში მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და დავეხმაროთ, რომლებიც ათეული წლებია, საკუთარ საცხოვრებელ ფართს ელოდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.